Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

230 თანამშრომელი ითხოვს აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული 3 პირის სამსახურში აღდგენას


დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 230-მა თანამშრომელმა ტელევიზიის მენეჯმენტს წერილობით მიმართა, ტელევიზიაში დააბრუნონ სამსახურიდან ამ რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული სამი პირი: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე, - ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ აქვეყნებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 31 ივლისს დაიწყეს. ხელმოწერების შეგროვების გარდა, იმავე დღეს გაიმართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საპროტესტო აქციაც.

მაუწყებლის დირექტორისადმი მიმართვაში ნათქვამია: "ვაცნობიერებთ რა გათავისუფლებული თანამშრომლების დანაკლისით გამოწვეულ ზიანს, დაუყოვნებლივ მიიღეთ გადაწყვეტილება მათი სამსახურში აღდგენის თაობაზე".

გადაცემა „დილის ტალღის" რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, ტელევიზიის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან 30 ივლისს გაათავისუფლა. სამივე ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების აქტიური წევრია. ბაჩო გურაბანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დირექტორი პროფკავშირის წევრ ჟურნალისტებს დევნის და კიდევ უფრო აგრესიული გახდა 26 ივნისის შემდეგ, როცა მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოითხოვეს სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

კოხრეიძის ოფიციალური ბრძანების თანახმად, გურაბანიძის, მურვანიძისა და ქადიძის გათავისუფლების მიზეზი ტელევიზიაში მათ შორის მომხდარი კონფლიქტია. 30 ივლისს, აჭარის ტელევიზიამ მაყურებელს ინციდენტის ამსახველი კადრებიც აჩვენა. მაუწყებლის თანამშრომლები ამ ფაქტსაც აპროტესტებენ.

ბოლო თვეებში გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ან ხელშეკრულების პირობები შეუცვალა ათზე მეტ ჟურნალისტსა და მენეჯერს. ისინი კოხრეიძეს დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ჟურნალისტებმა დირექტორს სასამართლოში უჩივლეს და პროკურატურასაც მიმართეს გიორგი კოხრეიძის მხრიდან დევნის გამოძიების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG