Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამის მკვლელობაში ბრალდებული დების, კრესტინა და ანგელინა ხაჩატურიანების საქმეს მსაჯულთა სასამართლო განიხილავს


მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დები ხაჩატურიანების მხარდამჭერი აქცია
მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დები ხაჩატურიანების მხარდამჭერი აქცია

მამის მკვლელობაში ბრალდებული დები ხაჩატურიანების საქმეს მსაჯულთა სასამართლო, ჟიური განიხილავს, დაადგინა მოსკოვის სასამართლომ 3 აგვისტოს.

რუსეთის კანონმდებლობით, ჟიური განიხილავს ხოლმე მძიმე დანაშაულების შემთხვევებს. სასამართლოს თანახმად, სამიდან ორი დის, კრესტინა და ანგელინა ხაჩატურიანების სასამართლო პროცესი დაიწყება 31 აგვისტოს.

ამით სასამართლომ დააკმაყოფილა უფროსი და შუათანა დების ადვოკატის შუამდგომლობა. მათი უმცროსი დის, მარიას საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს. მარია, რომელიც მამის სიკვდილის დროს არასრულწლოვანი იყო, სასამართლომ ფსიქიკურად არაჯანმრთელად ცნო სავარაუდო დანაშაულის ჩადენის პერიოდში.

სასამართლომ დაცვის მოთხოვნაზე, გაეგზავნოს საქმე უკან პროკურატურას, უარი თქვა და ორი და წინასწარ პატიმრობაში დატოვა კიდევ ექვსი თვით.
დებს აკრძალული აქვთ ინტერნეტის მოხმარება, ერთმანეთთან კავშირი, ასევე კომუნიკაცია საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებსა და მედიასთან. სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას, საჯარო ღონისძიებებში დების მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე.

დები ხაჩატურიანების საქმეს დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა და ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების გარშემო დისკუსიების საგანი გახდა. დების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ მამა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებდა, თავდაცვის მიზნით მოკლეს. მამის მხრიდან ძალადობა, მათ შორის, სექსუალური, გამოძიებამაც დაადგინა, თუმცა, ამის მიუხედავად, დებს წინასწარი შეთანხმებით განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 27 ივლისს, მაშინ 19, 18 და 17 წლის კრესტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებმა საკუთარ მამას, 57 წლის მიხაილს, მიაყენეს დანით 30-მდე ჭრილობა და დარტყმა ჩაქუჩით. დებმა, რომლებიც მამის მკვლელობას უარყოფენ, პოლიცია თვითონ გამოიძახეს. გამოძიებას მათ უამბეს მამის მხრიდან აბუჩად აგდების ბევრი შემთხვევის შესახებ.

წელს იანვარში, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვიქტორ გრინმა მოითხოვა, რომ გამოძიებას საქმის კვალიფიკაცია აუცილებელი თავდაცვით შეეცვალა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ივლისში, იმავე გრინმა დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით განზრახ მკვლელობას, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG