Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინეს


საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ბუსა ჟვანიასთვის ბრალდების წარდგენის შესახებ. გამოძიება მას ედავება „მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის მკვლელობის მცდელობას. ბრალდება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი) სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

პროკურატურის ცნობით, ლევან თოფაძის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, „გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს“.

განცხადების თანახმად, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG