Accessibility links

რუსეთი ეჭვმიტანილია კიბერთავდასხმაში ბრიტანელი მინისტრის ელექტრონულ ფოსტაზე


ლიამ ფოქსი

რუსეთთან კავშირის მქონე ჰაკერებმა გატეხეს დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრის, ლიამ ფოქსის ელექტრონული ფოსტა. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება. კიბერთავდასხმა მოხდა 2019 წელს, როცა ფოქსს ეკავა საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის თანამდებობა.

Reuters-ი ორ ინფორმირებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული წლის 12 ივლისიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში ჰაკერებმა მინისტრის ელექტრონულ ფოსტაში არაერთხელ შეაღწიეს და მოიპარეს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის, ვაჭრობის საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. წყაროების ცნობით, კიბერთავდასხმას აშკარად ჰქონდა სახელმწიფო მხარდაჭერის ნიშნები.

BBC-ის ინფორმაციით, მოპარული ელექტრონული წერილები, რომლებიც შემდეგ ინტერნეტით გაავრცელეს, 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ. ლეიბორისტები ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ კონსერვატორების მთავრობა აპირებს ამერიკულ კომპანიებს მიჰყიდოს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა.

2020 წლის ივლისში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმინიკ რააბმა რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულა შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობაში.

გაერთიანებული სამეფოს დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოში ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ კიბერთავდასხმის გამოძიება მიმდინარეობს.

21 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც საუბარია ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის, კერძოდ, 2014 წელს, დამოუკიდებლობის საკითხზე შოტლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგზე გავლენის მცდელობებზე. საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი არასდროს არავის საარჩევნო პროცესებში არ ჩარეულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG