Accessibility links

დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ შეცვალა რიტორიკა აფხაზეთ-რუსეთის "საზღვრის" გახსნის მიმართ


ალხას კონჯარია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალხას კონჯარია აცხადებს, რომ სოხუმში 2 აგვისტოს გამართული სხდომა არ ეხებოდა „სახელმწიფო საზღვრის“ გახსნის საკითხს. 3 აგვისტოს კონჯარიამ თქვა, რომ სამინისტრო და კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი არ ეწინააღმდეგებიან რუსეთთან „საზღვრის“ გახსნას, რადგან ესმით ეკონომიკური მდგომარეობა და „საზღვრის“ გახსნის აუცილებლობა. კონჯარიას მტკიცებით, საუბარია მხოლოდ წესების განუხრელად დაცვაზე, გუდაუთის საავადმყოფოს რესურსების გაძლიერებასა და რუს კოლეგებთან ურთიერთქმედებების დალაგებაზე.

სააგენტო „აფსნიპრესის“ მიერ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით 2 აგვისტოს გაავრცელებული ინფორმაციით, ექიმების ინიციატივით გამართულ საგანგებო თათბირზე ალხას კონჯარიამ თქვა, რომ აფხაზეთში ჯერ კიდევ რუსეთთან „საზღვრის“ გახსნამდე მოხდა კორონავირუსის აფეთქება, გუდაუთის საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ივსება და უკვე ამ ეტაპზე ცხადია, რომ ავადმყოფების დიდ ნაკადთან გამკლავება ურთულესი იქნება.

„თუ ჩვენს მოსახლეობას დაემატებიან ჩამოსულები, უბრალოდ, დავიხრჩობით და დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს გავუწევთ და ვერც ვინმე სხვას“, - აცხადებდა კონჯარია. მისივე თქმით, ოპერატიული შტაბი განიხილავდა „საზღვრის“ ეტაპობრივად გახსნის და მისი გადაკვეთისას ლაბორატორიის ცნობის, ან კოვიდ-პასპორტის წარდგენის საკითხს, ამიტომ „საზღვრის“ მომენტალურად გახსნა მოულოდნელი იყო. სააგენტო „აფსნიპრესს“ მოჰყავდა საგანგებო თათბირის კიდევ ერთი მონაწილის, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ ალხას ჯინჯოლიას სიტყვები, რომ რუსეთთან „საზღვარზე“ საჭიროა შემზღუდავი ზომების მიღება.

ამ შეხვედრის მონაწილეები 3 აგვისტოს გააკრიტიკა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა. მისი განცხადებით, ცალკეულმა ხელმძღვანელმა პირებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ანქვაბის თქმით, ოპერატიული შტაბის წევრებმა დიდი ხნით ადრე იცოდნენ „საზღვრის“ გახსნის მიზნით რუსეთთან მიმდინარე კონსულტაციების შესახებ და მოსამზადებელ პერიოდში რაიმე შეშფოთება არ გამოუთქვამთ.

ანქვაბმა ჯანდაცვის სისტემაც გააკრიტიკა და თქვა, რომ თუ რომელიმე ხელმძღვანელისთვის ეს აღმოჩენაა, იმას ნიშნავს, რომ ცუდი ხელმძღვანელები არიან და არ იციან, სად მუშაობენ. დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გადადგომა ურჩია ჯანდაცვის სისტემის თანამდებობის პირებს, რომლებსაც პანიკური განწყობები აქვთ. რაც შეეხება „საზღვრის“ გახსნას, ანქვაბის განცხადებით, რუს კოლეგებთან ერთად შემუშავებულია ურთიერთქმედების მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, თუ აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს კორონავირუსი აღმოაჩნდებათ.

ოკუპირებულმა აფხაზეთმა და რუსეთმა ერთმანეთს 1 აგვისტოდან გაუხსნეს კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილში დაკეტილი „საზღვარი“. იმავე დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ დაადასტურა გასულ 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა. 3 აგვისტოს ე.წ. ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ არცერთი ახალი შემთხვევა აღარ ყოფილა. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ორ დღეში „საზღვარი“ გადაკვეთა 30 ათასამდე ადამიანმა.

მდინარე ფსოუზე აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. საზღვარი უპირობოდ გაიხსნა. 2 აგვისტოს დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს თან უნდა ჰქონდეთ ნიღბები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი და სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან.

3 აგვისტოს მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში სულ გამოვლენილი აქვთ 98 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG