Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ FBI არ ჩაერთვება ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში, მისი დედა შიმშილობის დაწყებას აპირებს


აშშ-ის საელჩოსთან 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას მართავს. ისინი საგამოძიებო პროცესში FBI-ის ჩართულობას მოითხოვენ.

"პირადად მე ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია წერილი ოფიციალურად. თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მე პირადად დავჯდები აქ და დავიწყებ შიმშილობას", - განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ის იმიტომ ჩქარობს საქმის გამოძიებას, რომ არჩევნების შემდეგ ამ საქმეს საქართველოში აღარ გამოიძიებენ.

"უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მანქანაზე წაშლილი აქვს ყველა დნმ და FBI-ის გარეშე ვერ აღდგება... მე მინდა კელი დეგნანს მივმართო, როგორც ქალმა ქალს... მიმეწვდინა მისთვის ხმა", - თქვა თეონა თამაზაშვილმა.

აქციაზე მისულია მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილიც, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა.

"ერთი ეს იცოდეთ, სიკვდილზე რომ მომიწიოს წასვლა, მე თქვენს გვერდით ვდგავარ", - უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG