Accessibility links

ჩინეთმა განაცხადა, რომ წინ აღუდგება აშშ-ის მიერ TikTok-ის "ქურდობის" მცდელობას


ჩინეთი აცხადებს, რომ წინ აღუდგება აშშ-ის ზეწოლას ჩინური კომპანიის მფლობელობაში მყოფი სოცქსელების აპლიკაციის, TikTok-ის აშშ-ის კომპანიისთვის მიყიდვის თაობაზე. ამის შესახებ 4 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება ჩინეთის სახელმწიფო გაზეთმა China Daily-მ.

„ჩინეთი არაფრით არ დაუშვებს ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის ‘ქურდობას’ და მას მრავალი საშუალება მოეპოვება პასუხისთვის, თუკი [აშშ-ის] ხელისუფლება განახორციელებს თავდასხმისა და ხელში ჩაგდების გეგმას“, - ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 სექტემბრამდე მისცა ვადა აშშ-ის ფირმას, ჩინეთის საკუთრებაში მყოფი სოციალური მედიის კომპანიის, TikTok-ის შესაძენად სახელმწიფო უშიშროების გამო შეშფოთების ფონზე.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ TikTok-ს შეიძენს აშშ-ის ტექნოლოგიური გოლიათი Microsoft-ი.

ტრამპმა, რომელიც გასულ კვირაში გამოვიდა მუქარით, რომ აკრძალავს TikTok-ის მუშაობას აშშ-ში, რადგან მის მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება ჩინეთის დაზვერვამ იარაღად გამოიყენოს, თქვა, რომ ელაპარაკა Microsoft-ის ხელმძღვანელს, სატია ნადელას შესაძლებელი შეძენის შესახებ.

თუ Microsoft-ი ან აშშ-ის სხვა ფირმა არ შეიძენს მას, TikTok-ი აშშ-ში აღარ იმოქმედებს, თქვა ტრამპმა.

TikTok-ი ეკუთვნის ჩინეთის კომპანია ByteDance-ს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებს შორის, რომლებიც მას მცირე ვიდეოების საყურებლად იყენებენ. ამჟამად მას მილიარდი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში.

კომპანია ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა მონაცემებს პეკინს არ აწვდის.

Microsoft-მა განაცხადა, რომ სურს მოლაპარაკება TikTok-ის გარშემო 15 სექტემბრისთვის დაასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG