Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს სეზონურ სამუშაოებზე წასვლა დღეიდან შეუძლიათ


თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლა საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან, 4 აგვისტოდან შეუძლიათ. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად, საქართველოს მთავრობის 164-ე განკარგულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, დროებითი დასაქმების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული სამთვიანი მოწვევა. მოწვევაში დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და უნდა იყოს დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სეზონურ სამუშაოებზე გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ხსენებული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განმცხადებელს პასუხი ეცნობება აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ინფორმაცია ასევე მიეწოდება შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.

თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო 14 დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.

ბოლო ხანს აჭარაში გაიმართა არაერთი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად, საქართველოს მთავრობისგან მოითხოვდნენ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვრის გახსნას.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში, ძირითადად, დასაქმებულები არიან მომსახურების და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG