Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში დასაქმებულებისთვის მთავრობის გადაწყვეტილება არაფერს ცვლის


სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი (ფოტო რადიო თავისუფელბის არქივიდან)
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი (ფოტო რადიო თავისუფელბის არქივიდან)

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ უმუშევარი დარჩა, ყოველ თვეში 300-ლარიან დახმარებას ითხოვს მანამდე, ვიდრე საზღვარი გაიხსნება, და ისევ აპირებს ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას. ასე უპასუხეს საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ სამუშაოდ წავიდნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ეს შეთავაზება დღეს ტელევიზიით მოისმინა მაია ჯიჯავაძემ, რომელიც უკანასკნელი 10 წელი თურქეთის ქალაქ ხოფაში მუშაობდა - მთელი დღის განმავლობაში სასტუმროებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს ალაგებდა და საღამოს ისევ შინ ბრუნდებოდა.

მაია ამბობს, რომ იქ კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მარტში კი პანდემიის გამო საზღვარი დაიკეტა და ისიც, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, უმუშევარი დარჩა. ახლა თურქი დამსაქმებლისგან სამუშაოდ მიწვევას ვერ მიიღებს და ამიტომ მისთვის ხელისუფლების შეთავაზება მიუღებელია.

„დღეს დილით ვუსმინე ბატონი რიჟვაძის ამ შეთავაზებას. ხალხმა კი ეს აღიქვა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება აძლევს მათ თურქეთში სამუშაოდ წასასვლელ საბუთს. ვინ მოგვცემს ამ ცნობას? რომელი თურქი დამსაქმებელი მოგვცემს მოწვევას თხილის, ჩაის პლანტაციებში დასაქმებულ ქართველებს? ან დაზღვევას გაუკეთებს რომელიმეს? არა! ამიტომ ეს ტყუილია. მანამდეც ვიცოდით, რომ სამუშაო ვიზა გვჭირდებოდა, მაგრამ ვინ გაგიკეთებს ამ მოწვევას? რაში აწყობს თურქ დამსაქმებელს მოწვევა, დაზღვევა გაგიკეთოს და სასტუმრო ან მაღაზია ცარიელი ჰქონდეს?“ - ამბობს მაია ჯიჯავაძე და აღნიშნავს, რომ თურქეთში დასაქმებულ საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად მასაც საბანკო კრედიტი მძიმე ტვირთად აწევს და ამიტომ უმუშევრად დარჩენილები დახმარებას მთავრობას სთხოვენ.

საზღვარი თუ არ გაისხნება და მიმოსვლა არ აღდგება, ჩვენთვის თურქეთში მუშაობის შესაძლებლობა გაჩერებულია. მანამდე კი არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და ეს იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამ...
მადონა შაინიძე

მათ შორისაა მადონა შაინიძე, რომელიც თითქმის 10 წელი თურქეთში საქართველოს საზღვართან არსებულ რეგიონში მაღაზიაში მუშაობდა - ყოველ დილით იგი საზღვარს კვეთდა და საღამოს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისევ ბათუმში, შინ ბრუნდებოდა. ამბობს, რომ უკვე მეხუთე თვეა, შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. თურქი დამსაქმებლისგან სამუშაოდ მიწვევის მიღების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან იქ მაღაზიების მომხმარებელი ძირითადად საქართველოდან ჩასულები და ტურისტები იყვნენ, საქართველო-თურქეთის საზღვრის დაკეტვის შემდეგ კი ყველაფერი გაჩერებულია:

„იქ, თურქეთში, ქემალ-ფაშის მაღაზიებში, ძირითადი მყიდველი აქედან ჩასული ქართველები არიან. ამიტომ ამ სიტუაციაზე ვართ დამოკიდებული. საზღვარი თუ არ გაიხსნება და მიმოსვლა არ აღდგება, ჩვენთვის თურქეთში მუშაობის შესაძლებლობა გაჩერებულია. მანამდე კი არანაირი შემოსავალი არ გვაქვს და ეს იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამ. ბატონი თორნიკე რიჟვაძე კი, ბრიფინგს რომ მართავს ხალხთან შეუთანხმებლად, ეს თავისი სიტყვა გამართლდება? თავისთვის ჭრიან და კერავენ“, - ამბობს მადონა შაინიძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასვლა ისევ შესაძლებელი ხდება, ოღონდ კონკრეტული პირობების დაცვით. გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ამოიწურა ბანკებში სესხის გადავადების სამთვიანი ვადა, საქართველოს მთავრობის დაპირებამ კი, პირველი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მათ მოლოდინი გაუჩინა, რომ თურქეთში სამუშაოდ წასვლას ისევ შეძლებდნენ.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში დასაქმებული არიან ძირითადად მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG