Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ოპონენტებს ქვეყნის „90-იან წლებში დაბრუნება სურთ“


ალექსანდრ ლუკაშენკა
ალექსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ მის ოპონენტებს „ქვეყნის ავბედით 90-იან წლებში დაბრუნება სურთ“, რათა „მიიტაცონ“ მიწები და სახელმწიფო დაწესებულებები, ციხეებიდან გამოუშვან დამნაშავეები, დააპატიმრონ მოხელეები, დაშალონ არმია და მილიცია.

„90-იან წლებში სამხედროებს (მეც ვიყავი სამხედრო) ეშინოდათ, სამარცხვინო იყო სამხედრო ფორმის ჩაცმისა და გმირ-ქალაქ მინსკში გამოჩენა. დღეს ჩვენ სწორედ ამას გვთავაზობენ. სურთ კერძო კაპიტალის გადატანა ოფშორებში, უნდათ აიძულონ ყველა, რომ იხადონ ფული ჯანდაცვისა და განათლებისათვის; დაშალონ შრომითი კოლექტივები, რათა კერძო მფლობელობაში გადავიდეს სასოფლო-სამეურნეო მიწები. აი, სულ ეს არის მათი რეფორმა. მაგრამ ეს ბელარუსში არ მოხდება“, - განაცხადა ლუკაშენკამ 4 აგვისტოს საგანგებოდ წინასაარჩევნოდ გაკეთებული, ყოველწლიური მიმართვის დროს.

ოპონენტების პასუხად, რომ ხელისუფლება ემზადება 9 აგვისტოს დანიშნული არჩევნების დროს ხმების გაყალბებისათვის, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ხელისუფლება „არ აპირებს ხმების მოპარვას“.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

4 აგვისტოს ქვეყანაში დაიწყო ხმის მიცემის წინასწარი პროცესი, რომელიც 8 აგვისტომდე გასტანს.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, მეექვსე ვადით იყრის კენჭს.

ლუკაშენკამ თავის ოპონენტებს „კარგად დაფინანსებული უცხოეთის აგენტები“ უწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა ახალგაზრდობის დაცვა „დამღუპველი გავლენებისგან“.

ბელარუსის პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა ახალგაზრდობის მონაწილეობა ოპოზიციის აქციებში, რომელიც, მისი თქმით, „მეთოჯინეების“ მიერ არის მართული.

„ქვეყნას ჩვენ არ დაგითმობთ“, - განაცხადა თავისი გამოსვლის ბოლოს ალექსანდრ ლუკაშენკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG