Accessibility links

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელები შეხვდნენ


23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, მოისმინეს მათი მოთხოვნები და აუხსნეს პროცედურები, რომლებიც გამოძიების პროცესში ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეხება. კერძოდ, საელჩოს წარმომადგენლებმა ოჯახს განუმარტეს, რომ მოთხოვნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართულობის შესახებ სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს, რომ ფედერალურ ბიუროს არ აქვს უფლებამოსილება პროცესში კერძო პირის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთოს.

„მე ისიც გავაჟღერე, რომ თუკი სახელმწიფო უარს იტყვის, ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე მეთქი, მე როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ, აქ მოვიდე და შიმშილობა განვაცხადო მეთქი“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის საკითხის კომენტირებისას. ოჯახი პროკურატურას ერთდღიან ვადას აძლევს იმისთვის, რათა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილოს და გამოძიების პროცესში ჩასართავად მიმართოს ფედერალურ ბიუროს.

დღეს, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG