Accessibility links

site logo site logo

ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა


ბუსა ჟვანია

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა, ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბრალდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილისთვის, ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პირობას აყენებდა.

მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.

ბუსა ჟვანიას პროკურატურამ ბრალდება 3 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

პროკურატურის ცნობით, ლევან თოფაძის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

ლევან თოფაძე ამ დრომდე სტაციონარულ მკურნალობას გადის. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG