Accessibility links

შარვაშიძე მეორე ვადით აირჩიეს თსუ-ს რექტორად: "პლაგიატის გარშემო კითხვები არ დასმულა"


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორად მეორე ვადით აირჩიეს გიორგი შარვაშიძე, რომელიც რექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. მას აკადემიური საბჭოს 37 წევრიდან 32-მა დაუჭირა მხარი.

რექტორის არჩევნები 4 აგვისტოს ჩატარდა. პრეტენდენტებთან გასაუბრება 10 საათზე დაიწყო და Zoom-ის საშუალებით ჩატარდა. არჩევნებში, ასევე, მონაწილეობდნენ ცირა ბარამიძე, თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და გიორგი ბარამიძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. მათ თითო-თითო ხმა მიიღეს. სამი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

სამივე კანდიდატი 2016 წელსაც იყრიდა კენჭს რექტორის თანამდებობაზე. უნივერსიტეტს ისევ შარვაშიძე უხელმძღვანელებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

გიორგი ბარამიძემ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც ის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეუბნება, მას შეუქმნეს ტექნიკური ხარვეზი, თითქოს აკადემიურ საბჭოს კანდიდატის ხმა არ ესმოდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მტკიცებით, გიორგი ბარამიძემ ზუმის გამოყენებისას ვერ ჩართო მიკროფონი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში აკადემიური ცხოვრება ზუმის საშუალებით მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, ადმინისტრაციის განმარტებით, მას შესთავაზეს, რომ მისულიყო ადგილზე, რაზეც უარი თქვა.

არჩევნების შედეგები ძალაში შევა 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.

ვინ არის გიორგი შარვაშიძე?

რექტორობამდე 57 წლის გიორგი შარვაშიძე, რომელმაც დოქტორის აკადემიური ხარისხი განათლების მართვის მიმართულებით 2006 წელს მიიღო, სხვადასხვა დროს იყო:

  • 2013–2016 წლებში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
  • 2015-2016 წლებში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი;
  • 2004-2013 წლებში - ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი;
  • 1994-2000 წლებში - საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე (შემდგომში პირველი მოადგილე).

გასულ წელს, “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, თსუ-ს პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა, შეესწავლათ, მართლაც იყო თუ არა რექტორის ნაშრომი პლაგიატი. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა. რექტორმა და უნივერსიტეტმა კი უარყვეს.

იაგო კაჭკაჭიშვილი ხმამაღლა გამოხატავდა პროტესტს და სვამდა კითხვებს, რის გამოც, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობებს შეეჩეხა - მათ შორის, „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის” დადგენა. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - გიორგი შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს, რადგან ის პლაგიატის გამო გააკრიტიკა.

აკადემიური საბჭოს წევრი, ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პლაგიატის გარშემო შარვაშიძესთან გასაუბრებაზე კითხვები არ დასმულა.

"ამაზე დღეს არ ყოფილა საუბარი. პლაგიატის საკითხი რამდენიმე თვის წინ იყო განხილული", - ამბობს კუხიანიძე.

აკადემიური საბჭოს წევრებმა კითხვები დასვეს შარვაშიძის კონცეფციის გარშემო, კორპუსების რემონტზე, დაფინანსებაზე, კოვიდ-19-ის პრობლემაზე და ა.შ.

თსუ-ის განვითარების შარვაშიძისეული კონცეფციის თანახმად, მისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მთავარი საზრუნავი იქნება ინტერნაციონალიზაცია და ევროპისა და მსოფლიოს აკადემიურ ქსელში მჭიდრო ინტეგრირება. ასევე:

  • სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
  • სამეცნიერო-სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
  • ინოვაციების ხელშეწყობა და ინდუსტრიასა და ბიზნესთან ურთიერთობების გაღრმავება;
  • სასწავლო სამეცნიერო და ადმინისტრაციულ მუშაობასთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზება;
  • ადამიანური რესურსების განვითარებისა და მათი შეფასების მექანიზმების დახვეწა;
  • ახალგაზრდა კადრების მოზიდვა;
  • სტუდენტური სერვისების სრულყოფა;
  • სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობის გაგრძელება;
  • პროფესიული განათლების უმაღლეს განათლებასთან კავშირის მხარდაჭერა.

როგორ ირჩევა რექტორი?

რექტორს ირჩევს 37 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო. ხმის მიცემა ფარულია. არჩევნები ჩატარებულად ითვლება თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრებისნახევარზე მეტი.

საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:

  • არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
  • არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
  • შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG