Accessibility links

ბელარუსის ქალაქ სლუცკში ხელისუფლებამ ჩაშალა ციხანოუსკაიას შეხვედრა ამომრჩევლებთან


ბელარუსის ქალაქ სლუცკში ქალაქის ხელისუფლებამ ჩაშალა პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ, სვეტლანა ციხანუსკაიასთან შეხვედრა, რომელიც სანქცირებული იყო.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, შეხვედრის დაწყების წინ მოედანზე, სადაც უკვე იკრიბებოდნენ ადამიანები, კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოულოდნელად დაიწყეს სასწრაფო რემონტი.

ციხანოუსკაიას გაერთიანებული შტაბის წევრებმა ხმის გამაძლიერებელში გამოაცხადეს შეხვედრის გადადების თაობაზე, მაგრამ მალევე მოედანზე გამოჩნდნენ მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის (ОМОН) თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს მოქალაქეების დაკავება და მიკროავტობუსებში მოთავსება.

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ჩვენი რადიოს თანამშრომლების ცნობით, დღესვე ციხანოუსკაიას შტაბის წევრების შეხვედრის ჩაშლის მცდელობას ჰქონდა ადგილი ასევე სოლიგორსკში, სადაც სტადიონის წინ ესკავატორებმა მოულოდნელად მიწის თხრა დაიწყეს და „სტროიტელის“ სტადიონი, სადაც 4 აგვისტოს სანქცირებული მიტინგი უნდა გამართულიყო, ასევე დაკეტეს „სარემონტო სამუშაოების“ მიზეზით.

ოპოზიციონერი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა გადაწყვიტა პიკეტის მოწყობა და მოუწოდა მსურველებს მასში მონაწილეობისკენ.

მაგრამ სოლიგორსკში, სტადიონის მახლობლად, სადაც ციხანოუსკაიასთან შეხვედრა უნდა დაწყებულიყო, „ომონის“ წევრებმა მალევე დაიწყეს ხალხის შევიწროვება.

4 აგვისტოს ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის წინასწარი ხმის მიცემის პროცედურა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, წინა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა ერთმა მესამედმა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 7 მილიონი ამომრჩეველი, მათი ნების გამოსახატავად მოქმედებს 5675 საარჩევნო უბანი ქვეყნის შიგნით და 44 - ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG