საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საკლასო ოთახებში დაიწყება. სკოლებში სწავლების პროცესის აღდგენის თარიღად მან 15 სექტემბერი დაასახელა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით კი, ახალი სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით შემუშავდება სპეციალური სტანდარტები, მათ შორის ისიც, რამდენი მოსწავლისა და სტუდენტის განთავსება იქნება ნებადართული საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში:
„რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, ანუ თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, როგორ უნდა დასხდნენ სტუდენტები აუდიტორიებში, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, აუცილებლად ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება დერეფნებში, შესვენებებზე. მოგეხსენებათ, მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ამაზეც მივცემთ რეკომენდაციებს. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში მარტიდან შეჩერებული იყო და საგანმანათლებლო სისტემა ონლაინსწავლებაზე იყო გადასული.
დაწერეთ კომენტარი