Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ქუჩებში უკვე გამოჩნდა პირველი უცხოელი ტურისტები


ფოტო არქივიდან: ტურისტები თბილისში
ფოტო არქივიდან: ტურისტები თბილისში

„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში უკვე გამოჩნდა პირველი უცხოელი ტურისტები“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში რეგულარული, თუ ჩარტერული ავიარეისებით ჩამოსულთა სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტია.

ამ დროისთვის საქართველოს საზღვარი უპირობოდ აქვს გახსნილი ევროკავშირის 5 სახელმწიფოსთვის - გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისიდან საქართველომ ნაწილობრივ აღადგინა კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან შეჩერებული რეგულარული ავიამიმოსვლა, მიუნხენი-თბილისის პირველი რეისი უკვე შეასრულა „ლუფტჰანზამ“, 8 აგვისტოს პარიზიდან გამოფრინდება „ეარ ფრანსის“ პირველი თვითმფრინავი, ხოლო დღეს რიგიდან პირველ რეისს შეასულებს „ეარ ბალტიკი“.

თურნავას ინფორმაციით, კომერციულ, ჩარტერულ ავიარეისებს განაგრძობს „ჯორჯიან ეარვეისი“, რომლის თვითმფინავმა მაგალითად წუხელ, მგზავრები პარიზიდან ჩამოიყვანა და უკვე დაგეგმილია 16-მდე ჩარტერული რეისი.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებას აგრძელებენ, რათა ეპატობრივად გაიხსნას სხვა მიმართულებებიც. ამასთან, ნათია თურნავა ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი და ყურადღებას საჭიროებს.

რაც შეეხება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეისების აღდგენას, თურნავას თქმით, მისაღებია ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები, მით უფრო, კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებითვე, წარმატებით ამუშავდა ბიზნეს- ვიზიტორების პლატფორმა და მოკლევადიან საქმიან ვიზიტებზე უკვე 2700-მდე განაცხადია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებიდან. საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსული უცხოელები ორკვირიან კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა, ვალდებულნი არიან თავისი ხარჯით ტესტირება ჩაიტარონ 72 საათში ერთხელ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG