Accessibility links

site logo site logo

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების გამო ბათუმიც ახსენეს


ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების მიზეზად, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს. ინფორმაცია ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა ადგილობრივმა ტელეკომპანია LBCI-მ. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ლიბანური ტელეარხის ცნობით, გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. პორტის მმართველის ინფორმაციით, საწყობზე წვდომა არავის ჰქონდა, ახლახან ჩატარებულმა შემოწმებამ კი გამოავლინა, რომ საცავში შეღწევა შესაძლებელი იყო კედელში არსებული ხვრელიდან, კარის საკეტს კი გამოცვლა სჭირდებოდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება შედუღების სამუშაოების დროს მოხდა.

ინტერნეტგამოცემა „მედიაზონა“ წერს, რომ გემი Rhosus-ი ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს, რომელმაც ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 100 ადამიანი და 4 000-მდე დაშავდა.

პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე სახლები, დაწესებულებები და მაღაზიები.

ლიბანის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო ბეირუთის უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება. ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ლიბანში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG