Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ისევ დროებით გაიხსნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ისევ დროებით გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურთან. 5-9 აგვისტოს შინ დაბრუნებას შეძლებენ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საზღვრის“ გადაკვეთა შესაძლებელია 5-დან 9 აგვისტოს ჩათვლით, დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე. აფხაზეთში დაბრუნებულებმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიარონ

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობითვე, „საზღვრის“ გადაკვეთისას მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი“, „უცხო ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა“ და „ფორმა ნომერი ცხრა“.

დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ცალმხრივად, დაახლოებით ერთი კვირით გახსნა 26 მაისს და 22-24 ივნისსაც.

1 აგვისტოდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უპირობოდ გახსნა ე.წ. საზღვარი რუსეთთან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა 866 ათასზე მეტი ინფიცირებულით და 14 500-მდე გარდაცვლილით.

თავად ოკუპირებულ აფხაზეთში დადასტურებული აქვთ კორონავირუსის 107 შემთხვევა, მათგან 3 გარდაცვალების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG