Accessibility links

logo-print logo-print

თელავის აგრარული ბაზარი ისევ დააჯარიმეს


თელავის ბაზარი

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა თერმოსკრინინგის წესის დარღვევისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია და თერმოსკრინინგის არასაკმარისი აპარატების გამო გააფრთხილა.

დაჯარიმების შემდეგ ადმინისტრაციამ ბაზრის დაკეტვა გადაწყვიტა, რასაც მოვაჭრეების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მათი განცხადებით, დიდი რაოდენობით ბოსტნეული აქვთ მომარაგებული და თუ ვერ გაყიდიან, პროდუქტი გაუფუჭდებათ.

მოვაჭრეების მოთხოვნით, თელავის აგრარულ ბაზართან მივიდა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. მისი, მოვაჭრეების და ბაზრის დირექტორის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ობიექტი ისევ გაიხსნება და მოვაჭრეები პროდუქტის რეალიზაციას შეძლებენ. გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული წესების დაცვის შესახებ კონსულტაციებს გაივლიან. ასევე, ბაზრის ადმინისტრაციას დაევალება თერმოსკრინინგის საკითხის მოგვარება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების დარღვევისთვის თელავის აგრარული ბაზარი აპრილშიც დააჯარიმეს 3 ათასი ლარით. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით, აგრარულ ბაზრებში აუცილებელია თერმოსკრინინგი, დეზობარიერები და დამცავი ნიღბების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG