Accessibility links

გიორგი გახარია ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მწუხარება გამოთქვა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ მის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, არავის მისცემს უფლებას, გაგრძელდეს პოლიციისა და მართლმსაჯულების დელეგიტიმაციის პროცესი:

„საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არავის არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს. მათ მოთხოვნებს შორისაა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG