Accessibility links

ბაჩალიაშვილების ოჯახი გენერალურ პროკურორს ხვდება


გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ხვდება. შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

"მე, პირადად, მექნება მოთხოვნა FBI-ის ჩართულობაზე და არა კონსულტაციების დონეზე და თვითმკვლელობის ვერსიაზე აგორებული პიარის შეჩერებაზე... რატომღაც გამიჩნდა ნდობის ფაქტორი, რადგან მოინდომა შეხვედრა... მინდოდა შეხვედრა, თვალებში ჩამეხედა და მეკითხა - ობიექტურად წარიმართება თუ არა გამოძიება", - უთხრა TV პირველს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შოთაძესთან შეხვედრის დაწყებამდე.

თამაზაშვილი ოჯახის სხვა წევრებთან და ადვოკატთან ერთად პროკურატურასთან დილიდან მივიდნენ. ბაჩალიაშვილის დედა აცხადებდა, რომ სურდა გენერალურ პროკურორთან შეხვედრა და მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტდა შიმშილობას დაიწყებდა თუ არა.

გუშინ, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში, გვიან საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერზე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას გუგლის საძიებო სისტემაში ეძებდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას მოითხოვს. მათ მოთხოვნებს შორისაა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა. პრემიერის თქმით, ის ოჯახს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG