Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1-ის წყაროა დაუდგენელი


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით, - ეს ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დასადგენად.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდცენტრებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 240 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 82%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას თქმით, 7 აგვისტოს მონაცემებით, საავადმყოფოში 32 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს:

„მათი მდგომარეობა სტაბილურია, ყველა განიხილება, როგორც საშუალო და მათზე მსუბუქი პაციენტები“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1213-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 994.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6680 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 333.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG