Accessibility links

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აგვისტოს ომმა საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და სერიოზული საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას:

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მეტიც, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ. შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები.

მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. შეშფოთებას იწვევს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა. მეტიც, გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების ფონზე საოკუპაციო ძალები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლის - ზაზა გახელაძის დაჭრასაც არ მოერიდნენ, რომელიც დღემდე მათ უკანონო პატიმრობაში რჩება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად. დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. 2008 წელს ომში 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 170 სამხედრო. ომში დაიჭრა ან დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG