Accessibility links

COVID-19: იზრდება მეორე ტალღის შიში, აშშ-ში სარეკორდოდ მაღალია დღე-ღამეში სიკვდილიანობა


აშშ-ში სამი თვის განმავლობაში პირველად აღირიცხა COVID-19-ით დღეში 2000-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა. ამასობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა.

აშშ-ში, სადაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში სერიოზული წარუმატებლობა შეინიშნება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, 6 აგვისტოს COVID-19-ით გარდაიცვალა 2060 ადამიანი და გამოვლინდა ინფიცირების 58 ათასი ახალი შემთხვევა. ამ დაავადებით დღე-ღამეში 2000-ზე მეტი სიკვდილი აშშ-ში უკანასკნელად დაფიქსირდა 7 მაისს.

ვითარება უარესდება ამერიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში, ბრაზილიასა და მექსიკაშიც.

ბრაზილიაში ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 53 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 1200-ზე მეტი. მთლიანობაში ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100 ათასს უახლოვდება.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს ასცდა 6 აგვისტოს. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 6500 ახალი შემთხვევა.

ევროპის ქვეყნებში ახალი აკრძალვები შემოიღეს და საკარანტინო ზომები დააწესეს, ვინაიდან იზრდება შიში ინფექციის მეორე ტალღის თაობაზე.

დღემდე კორონავირუსს 715 ათასზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა მთელ მსოფლიოში. გამოვლენილია ინფიცირების 19,1 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG