Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პოლიციამ დაშალა ანტისამთავრობო ბანაკი, რომელიც გზაჯვარედინებს კეტავდა


ბულგარეთის პოლიციამ 7 აგვისტოს გაწმინდა გზაჯვარედინები ბლოკადისგან, რომელიც დედაქალაქ სოფიასა და სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა მოაწყვეს გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ სოფიის სამი მთავარი გზაჯვარედინი 29 ივლისის შემდეგ. ეს იყო წლების განმავლობაში უდიდესი საპროტესტო გამოსვლების ნაწილი ევროკავშირის წევრ ღარიბ სახელმწიფოში.

დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს ქალაქებში პლოვდივსა და შავიზღვისპირა ვარნაშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, „ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ყველა გზაჯვარედინზე, რომლებიც გადაკეტილი იყო“. პოლიციის ცნობით, მას ძალა არ გამოუყენებია, მხოლოდ ცოტა ხნით დააკავა 12 დემონსტრანტი, რომლებიც მალევე გაუშვეს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკოლაი ჰაჯიგენოვმა განაცხადა, რომ ბლოკადებს კვლავ მოაწყობენ და ამჯერად მთელ ქვეყანაში.

ათასობით დემონსტრანტი გადიოდა სოფიისა და სხვა ქალაქების ქუჩებში თვის განმავლობაში და მოითხოვდა ბორისოვის კაბინეტის გადადგომას. მთავრობას, ასევე გენერალურ პროკურორს ისინი პროტექციონიზმსა და კულისებიდან მოქმედ ოლიგარქებზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG