Accessibility links

საღი აზრი ჩაგვრის წინააღმდეგ


“მისისიპი ცეცხლში” (Mississippi Burning, 1988, რეჟისორი ალან პარკერი, აშშ)

გარდაიცვალა ალან პარკერი, ბრიტანელი რეჟისორი, რომელიც, თუ არ ვცდები, ყველას განსხვავებული ფილმის გამო უყვარს. ზოგს “შუაღამის ექსპრესი” მოსწონს, ზოგს “კედელი”, ზოგიც თვლის, რომ პარკერის “ჩიტუნა” დაუფასებელი შედევრია. მისი შემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველას ეყოფა, ყველა მიაგნებს პარკერის ფილმებში თავისას. მუსიკალური კინოს ჟანრი განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ სხვა ჟანრებშიც გამოსცადა თავი, მათ შორის პოლიტიკურ კინოში. ზოგიერთ ამ სურათს აშკარად “გაუვიდა ვადა” - აქტუალურობა და სიმწვავე დაკარგა, მაგრამ პარკერის ამერიკაში გადაღებულმა მესამე სურათმა “მისისიპი ცეცხლში” ბოლო დროს ახალი სიცოცხლე შეიძინა. ბევრს ეს ფილმი ამერიკაში ანტირასისტული მოძრაობის მორიგმა ტალღამ გაახსენა - შეიძლება ითქვას, პარკერმა იწინასწარმეტყველა 2020 წლის ამერიკა და, რაც მთავარია, რასიზმის ფესვები აჩვენა.

მაგრამ ალან პარკერის ფილმის ნახვას მხოლოდ ამერიკაში მიმდინარე მოვლენების გამო არ გირჩევთ. საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძალაუფლებისთვის ბრძოლის სურათი სულ უფრო მეტად ემსგავსება, თუნდაც, სალვადორ დალის რომელიმე ფანტასმაგორიას, სიგიჟეს, ბოდვას... ეს ბოდვა ბევრისთვის გასართობიც კი ხდება. რაც უფრო მეტად გვართობენ, მით უფრო მეტად ვშორდებით სიმართლეს. სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის კი, უბრალოდ, აღარ რჩება ადგილი.

1964 წელს მისისიპის შტატში გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტი იძიებს კუ-კლუქს-კლანელების მიერ მოკლული სამი აქტივისტის მკვლელობას. სურათის გმირებს (ამ როლებს ჯინ

ჰეკმანი და უილიამ დეფო ასრულებენ) ეჭვის თვალით უყურებენ როგორც ადგილობრივი თეთრკანიანი რასისტები (უმრავლესობა), ასევე შავკანიანები (უმცირესობა), რომლებსაც ფედერალური სამსახურის წესიერების იმედი არა აქვთ. თავად ამ გმირებს აქვთ განსხვავებული პოზიცია და განსხვავებულად ესმით, რას წარმოადგენს ჩაგვრა და როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ მოძალადეს. მათი ფსიქოლოგიური დუელი - დაპირისპირება უსამართლობასთან ბრძოლის რადიკალურ გზასა და კომპრომისების მუდმივ აღიარებას შორის, ინტელექტუალურ და ცხოვრებისეულ გამოცდილებას შორის, კანონის მიმართ მორჩილებასა და აუცილებლობის შემთხვევაში კანონის დაღვევას შორის - ალან პარკერის ფილმის ერთი ხაზია და კლასიკური ამერიკული კინოს დრამატურგიის მიხედვით ვითარდება: მაყურებელმა, ფაქტობრივად, წინასწარ იცის, რომ ორი პოზიცია ბოლოს ასე თუ ისე გაერთიანდება და სამართლიანობა გაიმარჯვებს ( პირადად მე ეს ხაზი ძალიან მიყვარს ამერიკულ სოციალურ კინოში).

მაგრამ ფილმში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ხაზი, რომლითაც “მისისიპი ცეცხლში” ალან პარკერის სხვა ფილმებს უახლოვდება. აღმოჩნდება, რომ, ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, ჰოლივუდში მოღვაწე ბრიტანელი რეჟისორი თითქმის ყველა სურათში ერთი თემის ერთგულია - ესაა ტოტალიტარიზმი მისი ყველა გამოვლინებით, დაწყებული პოლიტიკური სისტემებით, დიქტატურით (ალბათ, კარგად გახსოვთ პარკერის ფილმი-შოკი “შუაღამის ექსპრესი”), დამთავრებული ინდივიდუალური თავისუფლების კულტით, უკიდურესი ეგოიზმით, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლას განწირულს ხდის, რადგან ამ საზარელ, კარგად ორგანიზებულ ძალადობის სისტემას მარტოხელა მეამბოხე ნამდვილად ვერ დაამარცხებს. საბოლოო ჯამში, ეს აბსოლუტური ინდივიდუალიზმი ბადებს გულგრილობას, ანუ იმას, რაც სჭირდება ძალაუფლებას ჩაგვრის პროცესში. როცა საზოგადოება გულგრილია, როცა მხოლოდ და მხოლოდ პირადი პრობლემებითაა დაკავებული (ერთ გამოკითხვაში ალან პარკერი საყვარელ ფილმებს შორის იხსენებს

მარიო მონიჩელის ტრაგიკომედიას “პატარა, პატარა ბურჟუა”), რეჟიმი უფრო მტკიცდება და სამართლიანობის აღდგენა უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომაც ცდილობს ყველა რეჟიმი მოიფიქროს ხერხები საზოგადოების გართობისთვის, არსებითი პრობლემებიდან ყურადღების გადატანისთვის. ასეთ დროს ხშირად კანონი, მართლაც, არ ირღვევა. არც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს ვინმე. მაგრამ სიძულვილს კანონმორჩილება, სამწუხაროდ, ვერ ამარცხებს. მით უმეტეს, როცა გულგრილობას და სიძულვილს უკვე ძალიან, ძალიან ღრმა ფესვები აქვს.

კლასიკურ ჰოლივუდს ამერიკული სოციუმის, პოლიტიკური სისტემების კრიტიკა არასდროს აკლდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჰოლივუდის გამოცოცხლება გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წლებში უფრო მეტად ამერიკაში გადასახლებულმა რეჟისორებმა შეძლეს, პირველ რიგში, ჩეხოსლოვაკიიდან გამოქცეულმა მილოშ ფორმანმა და ბრიტანელმა ალან პარკერმა. ორივემ ჩამოაშორა ამერიკას რომანტიკულ-იდეალისტური კლიშეები და მაყურებელს ის ამერიკა წარმოუდგინა, რომელსაც 70-იანი წლების ჰოლივუდი, როგორც წესი, მალავდა. ალან პარკერმა ფილმში “მისისიპი ცეცხლში” გაბედა და პირდაპირ უთხრა მაყურებელს: ის, რაც 1964 წელს მოხდა მისისიპის შტატში, არის ფაშიზმი მისი ყველა გამოვლინებით. და არა მარტო იმიტომ, რომ აქ კლავდნენ, ძალადობდნენ... ბოლოს და ბოლოს, დამნაშავეს დააპატიმრებენ და გაასამართლებენ. უსამართლობასთან ბრძოლაში მთავარ ბარიერს ისინი ქმნიან, ვინც მიესალმებოდა ძალადობას, ხანდახან ემსახურებოდა კიდეც ამ ხალხს. იურიდიულად მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამიტომ მათ ხელს ვერავინ ახლებს. თუმცა გააგრძელებენ ძალადობის მხარდაჭერას სახლში, სამსახურში, სკოლაში, ქუჩაში, ისინი გაზრდიან რასისტ შვილებს, სწორედ იმ რასისტებს, ვისაც ამას წინათ უკომპრომისო, რადიკალური აქციებით დაუპირისპირდა ხალხი ამერიკაში. სხვათა შორის, ალან პარკერის (უფრო სწორად, მისი ფილმის გმირის) პოზიცია - ფაშიზმთან ბრძოლაში ზოგჯერ კანონიც შეგიძლია დაარღვიო, რათა მოძალადე დაუსჯელი არ დარჩეს - ასევე ეხმიანება შეერთებულ შტატებში ამას წინათ მიმდინარე მოვლენებს და

ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციას ამ მოვლენებზე... ნწ, ნწ, ნწ, მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრიესო... არიქა, მაღაზია გაქურდესო, უკმაყოფილებას ვერ მალავდა ქართველი(“პატარა, პატარა ბურჟუა”), მაშინ როდესაც ხალხი ფაშიზმის, დიახ, სწორედაც რომ ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ ბრძოლაში კი ვიღაცას ვიტრინა თუ “შემოემტვრა”, ანდა “ნაიკის” მაღაზიაში შეჭრის ცდუნებას ვერ გაუძლო, ვალდებულები ვართ მთავარი და მეორეხარისხოვანი ერთმანეთისგან გავარჩიოთ - ხალხმა იქ საუკუნეების წინ დამკვიდრებულ მონობას გამოუცხადა ბრძოლა!

“მისისიპი ცეცხლში” არის სწორედაც რომ ფილმი პრიორიტეტებზე, არჩევანზე, არსებითისა და არაარსებითის გარჩევის უნარზე, რაც ძალიან სჭირდება ქართულ საზოგადოებას დღეს, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები, ხელისუფლება, მის მიერ მართული მედია და ოპოზიციური მედიაც ათასნაირი ხერხებით ცდილობენ ჩვენს მანიპულირებას, ჩვენს ჩართვას საერთო ისტერიკასა და ბოდვაში. ამ სიტუაციაში საღი აზრი თუ ვერ შევინარჩუნეთ, სამართლიანობა მართლა არასდროს აღდგება ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG