Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები ნანგრევებში მსხვერპლის ძებნას აგრძელებენ, ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა


ლიბანელი და მათთან ერთად გერმანელი, ფრანგი და რუსი მაშველები განაგრძობენ მსხვერპლის ძებნას ნანგრევებში ბეირუთში, სადაც სამი დღის წინანდელმა გამანადგურებელმა აფეთქებამ დაანგრია ნავსადგურის დიდი ნაწილი და შენობები ქალაქში, რის შედეგადაც 300 ათასი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 154-ს მიაღწია.

7 აგვისტოს გამომძიებლები კვლავ ეძებენ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია პორტის საწყობში წლობით შენახული ტონობით ფეთქებადი ნივთიერების აფეთქება.

უფრო ადრე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ათეულობით დემონსტრანტის განსადევნად, რომლებმაც თავიანთი მრისხანება გამოხატეს აფეთქების გამო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაშავდა. მთავრობის მედია იტყობინება, რომ უშიშროების ძალებს დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს და დაწვეს მანქანის საბურავები, რის შემდეგაც პოლიციამ მათი განდევნა გადაწყვიტა. ზოგიერთი დემონსტრანტი დაშავდა, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

6 აგვისტოს ბეირუთში, საფრანგეთის ყოფილ კოლონიალურ ქალაქში, ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. იგი ქუჩაში შეხვდა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებს, რომლებიც კრიტიკული არიან მთავრობის მიმართ.

გაერომ და არაერთმა სახელმწიფომ დახმარების ხელი გაუწოდეს ლიბანს. გაერომ 9 მილიონი დოლარი გამოუყო ბეირუთის საავადმყოფოებს, რომელთაგან სამი, ძლიერ დაზიანდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 8 აგვისტოს აპირებს ბეირუთში ჩასვლას.

აფეთქების მიზეზად თავიდან დასახელდა ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა, რომელიც 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდათ. 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, მაღალფეთქებადი ნივთიერება, სასუქის კომპონენტი, ჩამოიტვირთა 2014 წელს ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.

გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო.

მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

XS
SM
MD
LG