Accessibility links

პუტინმა და ლუკაშენკამ განიხილეს ბელარუსში რუსეთის "ვაგნერის" მებრძოლების დაკავების თემა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განიხილეს ბელარუსში, რუსული უშიშროების კერძო ფირმის, Vagner Group-ის, 33 დაქირავებული მებრძოლის დაკავების საქმე.

ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კრემლმა განაცხადეს, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრა 7 აგვისტოს, ორი დღით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბელარუსში, სადაც ლუკაშენკა 26 წლის განმავლობაში მართავს ქვეყანას რკინის ხელით და კვლავ ცდილობს ახალი ვადის მოპოვებას გამოსვლების ფონზე.

კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებისას "გამოიხატა რწმენა, რომ ვითარება ["ვაგნერის" დაქირავებულ მებრძოლთა საქმის შესახებ] მოგვარდება ურთიერთგაგების სულისკვეთებით".

ლუკაშენკას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ შეთანხმება იქნა მიღწეული იმაში, რომ "გამოძიებული იქნას საქმის ყველა დეტალი იმისთვის, რომ დადგინდეს ვითარების ნამდვილი მიზეზები, ნაპოვნი და პასუხისგებაში მიცემული იქნენ დამნაშავეები".

პრესსამსახურებმა ასევე განაცხადეს, რომ განხილული იქნა სხვა საკითხებიც, რომლებიც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს. ამასთან დაკავშირებით, კრემლმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში "მშვიდ ატმოსფეროში" ჩატარდება.

უფრო ადრე ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, ბელარუსში მოეწვიათ უკრაინელი და რუსი პროკურორები, რათა გამოეძიებინათ საქმე რუსული უშიშროების კერძო ფირმის Vagner Group-ის 33 დაქირავებულ მეომართა ჯგუფის შესახებ, რომელიც მინსკში დააკავეს.

ლუკაშენკამ ამის შესახებ 6 აგვისტოს, მინსკში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას განხილული ეს საქმე, "უნდა ეყრდნობოდეს" ბელარუსის და საერთაშორისო სამართალს".

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ თუ რუსი და უკრაინელი პროკურორები არ ჩავლენ მინსკში მათთან შესახვედრად, მაშინ "ჩვენ თვითონ მივიღებთ გადაწყვეტილებას".

5 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გააფრთხილა მინსკი, რომ უშიშროების კერძო ფირმის წარმომადგენელთა დაკავებას რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ლუკაშენკამ ირიბად უპასუხა მედვედევის განცხადებას მთავრობის სხდომაზე, 6 აგვისტოს და თქვა: "არ არის საჭირო ჩვენი დაშინება შედეგებით. ჩვენ ვაცნობიერებთ შედეგებს". მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა ცდილობდეს ბელარუსის მთავრობის დაშინებას ამერიკელებისა და ნატოს შესახებ მუქარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG