Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგის ტრიბუნალში აგვისტოს ომზე დასკვნა შეიტანეს


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგიდან „მთავარი არხის" ეთერში საგანგებო ჩართვაში თქვა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგის სასამართლოში (ICC) 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ შეიტანეს დამოუკიდებელი დასკვნა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილი დავალებით, თეა წულუკიანისა და სუს-ის უშუალო მონაწილეობით, წლების განმავლობაში ცდილობდა სწორედ ქართველი ჯარისკაცები დაედანაშაულებინა ომის დანაშაულში.

„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და გაამტყუნებდა ქართველ ჯარისკაცებს. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთის გეგემები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო როგორც მინიმუმ ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას - დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

2015 წლის 17 მარტს ICC–ის პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიება 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე განუსაზღვრელი დროით შეჩერდა.

წერილის თანახმად, შიდა გამოძიებაში შემდგომი პროგრესი შეაფერხა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე ადგილებში არსებულმა მყიფე უსაფრთხოებამ, სადაც ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული ძალადობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ“.

2016 წლის 27 იანვარს, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წინასასამართლო პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოს წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.

ეს წინაპირობა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინასასამართლო პალატის სამ მოსამართლეს პროკურორ ფატუ ბენსუდასთვის დაერთო ნება დაეწყო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

ჰააგის სასამართლომ შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა. ეს მონაკვეთი სავარაუდოდ მსხვერპლების ისტორიებს ემთხვევა.

XS
SM
MD
LG