Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - ერთი არის პუტინი და მეორე მიხეილ სააკაშვილი


მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში პასუხისმგებელ მხარეებზე ილაპარაკა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი, მე ვიტყოდი - ღალატის შედეგი.

ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, - თქვა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შეასრულა პუტინის სცენარი: „შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა“.

დღეს, 7 აგვისტოს, 12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან.

XS
SM
MD
LG