Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: საქართველოს მეგობრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვენ


2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოში რუსეთის ჯარების ინტერვენციის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდელო შტოების, კვლევითი ცენტრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის თქმით, „არ შეიძლება დაკმაყოფილებული ვიყოთ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით. COVID-19-ის პანდემიის დროსაც კი რუსეთი მზადაა, მუქარა შეუქმნას მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას რეგიონსა და მთელს მსოფლიოშიო. რუსეთის უსაფუძვლო დეზინფორმაცია, მათ შორის აგრესიული კამპანია სასიცოცხლო მნიშვნელობის ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციისთვის, ნათელყოფს რუსეთის ცინიზმს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები და ბოლოს და ბოლოს შეასრულოს დაპირებები, რომლებიც გააკეთა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში“, განაცხადა რიკერმა თავის ვიდეომიმართვაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ლაპარაკია იმაზე, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს 12 წლის წინანდელი ინტერვენცია რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე დღეს.

განცხადებაში ყურადღებაა გამახვილებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებზე.

„რუსეთი განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევას. რუსეთის „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოსახლეობას და ძალადობას მიმართავენ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ, მათ შორისაა ახლახან საქართველოს მოქალაქისთვის ცეცხლის გახსნა. რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი უშიშროების ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ უფრო ღრმად შესვლას და ცდილობენ მეტრს მეტრი მიამატონ და განავრცონ ოკუპირებული ტერიტორიები.“

განცხადება შეიცავს რუსეთისადმი მოწოდებას, ჯარები გაიყვანოს კონფლიქტამდელ პოზიციაზე და რეგიონში შესაძლებელი გახადოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

განცხადება ასევე მოუწოდებს მოსკოვს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„აშშ კვლავაც მტკიცედ არის ერთგული ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორებისადმი. ჩვენ მხარში ვუდგავართ ქართველ ხალხს და მათთან ერთად გამოვდივართ მოწოდებით, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად დანაწევრებული ეს რეგიონები კვლავ გაერთიანდეს,“ ვკითხულობთ თბილისში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

გაეროში აშშ-ის მისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ერთობლივი განცხადება, რომელიც გაეროში გერმანიის მისიამ გაავრცელა აშშ-ის, ბელგიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის სახელით.

განცხადებაში მტკიცე მხარდაჭერაა გამოთქმული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ჯარების ყოფნა, ასევე რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების „ე.წ. დამოუკიდებლობის“ აღიარება „არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგს.“

განცხადების ავტორები „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოხატავენ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციის გამო.

განცხადების თანახმად, რეგიონში რუსეთის ძალების მოქმედება „ახანგრძლივებს კონფლიქტს, მუქარას უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, აბრკოლებს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და უარყოფით გავლენას ახდენს ხალხის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე საქართველოს მასშტაბით და ახდენს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას.“

განცხადება შეიცავს რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად განახორციელოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები.

„12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება შეიცავს რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, კონფლიქტამდელ პოზიციებზე გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები. საზავო შეთანხმება ასევე მხარეებს აკისრებს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას.

განცხადებაში წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ, „შერიგების საქმეში მნიშვნელოვანი წარმატების დაპირების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს პირობას, რაც აფერხებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში წინსვლას“.

რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდეს აშშ-ის წარმომადგენლობამ ეუთოში, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ, USAID-მ, რიგმა გავლენიანმა კონგრესმენებმა.

საქართველოს ამერიკელ მეგობართა განცხადებები თავმოყრილია აშშ-ში საქართველოს საელჩოს ვებსაიტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG