Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მსხალგორსა და კაბალში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირების მიუხედავად, მათთან სტიქიის შედეგების შესაფასებლად არავინ მისულა და მხოლოდ პირადობის მოწმობების ასლები გამოართვეს.

დაზარალებულთა ნაწილის თქმით, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა წელს ისინი მოსავლის გარეშე დატოვა და თუ დახმარება არ იქნება, "ზამთარში შიმშილი ემუქრებათ".

4 აგვისტოს ღამით კაბალის ნაწილი და სოფელი მსხალგორი დაისეტყვა. სეტყვას თან ერთვოდა ძლიერი წვიმა და ქარი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. განადგურდა ავეჯი და ელექტროტექნიკა. დაიხოცა შინაური ფრინველი.

დაზარალებული მოსახლეობის თქმით, სანიაღვრე არხები გაწმენდილი რომ ყოფილიყო, სახლები მაინც გადარჩებოდა დატბორვას. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ. სოფელ მსხალგორში მერის წარმომადგენელი, გიორგი ბარბაქაძე ამბობს, რომ ზარალის აღწერა ჯერ არ დასრულებულა. მერის წარმომადგენელმა ჯერ არ იცის, დაეხმარებიან თუ არა მათ, ვისაც მოსავალი არ ჰქონდა დაზღვეული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200-მდე სახლი დაიტბორა, 100 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე კი განადგურდა ვენახები და საზამთროს ბაღები.

XS
SM
MD
LG