Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლოია ჯირგის რჩევით დათანხმდა თალიბების გათავისუფლებას


აშრაფ ღანი ლოია ჯირგაში გამოსვლისას

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ დათანხმდება დარჩენილი 400 თალიბი პატიმრის განთავისუფლებას. ეს დასკვნითი ნაწილია ტყვეთა გაცვლისა, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის. ღანიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გაათავისუფლოს თალიბი მებრძოლები, რომელთაგან ბევრი გასამართლებულია ავღანელებსა და უცხოელებზე სასიკვდილო თავდასხმებისთვის, გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თალიბების გათავისუფლების რეკომენდაცია გააკეთა 3400 ცნობილი ავღანელის დიდმა კრებამ, ლოია ჯირგამ, რომელიც სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ქაბულში.

ლოია ჯირგის თავმჯდომარემ, აბდულა აბდულამ, განაცხადა, რომ დიდი კრების 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით გადაილახა უკანასკნელი წინაღობა ავღანეთის მთავრობასა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებისთვის შიდაავღანური სამშვიდობო პროცესის ფორმატში.

როგორც ლოია ჯირგაში მონაწილე ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა 9 აგვისტოს, ის მოელის, რომ მოლაპარაკებები თალიბი პატიმრების განთავისუფლებიდან ორ-სამ დღეში დაიწყება.

ავღანეთის სამთავრობო დელეგაციას უხელმძღვანელებს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, მასუმ სტანაკზაი. დელეგაციაში შევლენ ავღანელი პოლიტიკოსები, ხელისუფლების ყოფილი წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ქაბულმა ადრე განაცხადა, რომ დელეგაციის ხუთი წევრი ქალი იქნება.

აბდულა აბდულამ, რომელიც ამავე დროს შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა, ადრე თქვა, რომ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყება ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც თალიბანს პოლიტიკური ოფისი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG