Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ხარვეზები გაჩნდა ზოგი საინტერნეტო სერვისის მუშაობაში


ბელარუსში 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ხარვეზები გაჩნდა რამდენიმე საინტერნეტო სერვისის მუშაობაში. პრობლემების შესახებ იტყობინებიან მრავალრიცხოვანი მომხმარებლები და ჟურნალისტები. პირველ რიგში საქმე ეხება მესენჯერებს, ასევე ზოგიერთ აპლიკაციას. არ მუშაობდა არც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ოპონენტების ზოგიერთი რესურსი, მათ შორის პლატფორმა „ზუბრი“ და პოლიტიკოს ვიქტარ ბაბარიკას საიტი. ასევე დაფიქსირდა პრობლემები YouTube-ისა და Google-ის წვდომაში.

„ბელტელეკომი“ პრობლემებს ხსნის „უცხოური ტრაფიკით“. მოგვიანებით კომპიუტერული ინციდენტების რეგისტრაციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ პრობლემების მიზეზია DDoS თავდასხმა ინტერნეტის ბელარუსის სეგმენტზე, კერძოდ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერებზე. ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმები მოგერიებულია.

მანამდე ხელისუფლებამ მობილური ინტერნეტი გათიშა ოპოზიციის წინასაარჩევნო მიტინგების ადგილებზე.

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ 9 აგვისტოს დილით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს და არ დაუშვებს არეულობას. ლუკაშენკას თქმით, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში არ შეუშვეს გაურკვეველი მიზნების მქონე 170-მდე უცხოეთის მოქალაქე. მას არ უხსენებია, საიდან ცდილობდნენ ისინი ბელარუსში ჩასვლას.

9 აგვისტოს საღამოს მინსკში მოსალოდნელია ოპოზიციის ქუჩის აქციები, თუმცა აქციებისკენ ოფიციალური მოწოდებები ჯერჯერობით არ ყოფილა. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ბელარუსის დედაქალაქში შემავალ გზებს სამხედროები აკონტროლებენ.

არჩევნებში ლუკაშენკას გარდა მონაწილეობს მისი ხუთი ოპონენტი, რომელთაგან მთავარია სვიატლანა ციხანოუსკაია. საარჩევნო კამპანია აღინიშნებოდა ლუკაშენკას ოპონენტების მასობრივი აქციებით, მათგან ბევრის - მათ შორის, ცნობილი ოპოზიციური მოღვაწეების - დაკავებით და დაპატიმრებით. ლუკაშენკას ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მას კენჭისყრის გაყალბება შეუძლია. ისინი ხმების პარალელურ დათვლას აწყობენ.

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ოპოზიცია შესაძლოა მინსკში არეულობის მოწყობას შეეცადოს.

ოფიციალური მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45%-ზე მეტმა, 41%-მა - წინასწარი კენჭისყრისას, რომელიც 4 აგვისტოს დაიწყო. ბელარუსის ცესკოში განაცხადეს, რომ შეიძლება დაიწყონ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაშვების შეზღუდვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG