Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული გორელი ექიმი ოთხ კლინიკაში მუშაობდა


კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი მუშაობდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, კლინიკა "გორმედში", მცხეთის და თბილისის კლინიკებში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირებული ექიმის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

"ინფიცირებული ექიმი შიდა ქართლში, კერძოდ, გორში ორ კლინიკაში და თბილისშიც რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. მას გუშინ დაუდგინდა კორონავირუსი. ინტენსიურად მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. კონტაქტებს ვადგენთ. უკვე ავიღეთ კონტაქტირებული 28 პირის ნიმუში. გადაგზავნილია ლუგარში და პასუხები დღეს საღამოსთვის იქნება ცნობილი", – განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

ამ შემთხვევის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

"სამინისტროდან რამდენჯერმე უკვე იყო მითითება სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ სამედიცინო პერსონალის ორ ან მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ფაქტები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ასეთი ფაქტი. ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს არის დაინფიცირებული, სწორედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა უმცროს სამედიცინო პერსონალად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 225-მდე გაიზარდა. ვირუსისგან ქვეყანაში 1 000 პირი განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG