Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიომ ლიბანს დახმარება აღუთქვა ბეირუთის აფეთქების შედეგებთან გასამკლავებლად


კვირას გაიმართა დონორთა ონლაინკონფერენცია, რომლის მიზანია ლიბანის დახმარება მიმდინარე კვირაში ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. აფეთქებას მინიმუმ 160 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ათასობით დაშავდა.

კონფერენცია გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ინიციატივით.

ლიბანს მრავალმა ქვეყანამ აღუთქვა კონკრეტული დახმარება, მაგრამ უცხოეთის მთავრობები თავს იკავებენ, რომ ფინანსური დახმარება აღმოუჩინონ მთავრობას, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა ღრმად კორუმპირებულად მიიჩნევს. ბევრში ასევე შეშფოთებას იწვევს ირანის გავლენა ლიბანში მოქმედი შიიტური დაჯგუფება ჰიზბოლას გზით.

მაკრონმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო დახმარებას გაერომ უნდა გაუწიოს კოორდინაცია.

ბეირუთის აღდგენა სავარაუდოდ რამდენიმე მილიარდი დოლარი დაჯდება. ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით, აფეთქებით მიყენებული ზარალი შესაძლოა ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტის ერთ მეოთხედს უდრიდეს.

მაკრონი 6 აგვისტოს ესტუმრა ბეირუთს. მისი ვიზიტისას გაიმართა ლიბანის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები.

არეულობისას დაიღუპა ერთი პოლიციელი და ასეულობით ადამიანი დაშავდა.

ლიბანელები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და აფეთქებისთვის პასუხისმგებელთა დასჯას.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში კოლოსალური სიმძლავრის აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად სახელდება 2013 წელს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალი ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევა. ამის თაობაზე განაცხადა ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ფაჰმიმ. ფაჰმის თქმით, 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი, მაღალფეთქებადი ნივთიერება, სასუქის კომპონენტი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, ჩამოიტვირთა 2014 წელს ჩამორთმეული სატვირთო გემიდან.

გემი Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის სექტემბერში შევიდა ტექნიკური პრობლემების გამო. ის ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრ იგორ გრეჩუშკინს, რომელიც ამჟამად კვიპროსზე ცხოვრობს.

მოგვიანებით, ლიბანის საბაჟო სამსახურმა ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG