Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცს, რომელიც ლარსის გამშვებ პუნქტზე მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა


27 წლის კაცს, რომელიც წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან არის და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს, PCR ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურჯაანის სამსახურის უფროსმა მანანა გოგაშვილმა.

მისი ინფორმაციით, კაცი, სავარაუდოდ, ლარსის გამშვებ პუნქტზე დაინფიცირდა, თუმცა წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მანანა გოგაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, საკუთარ სახლში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე ინფიცირებულის 7 კონტაქტია მოძიებული. მათ ბიოლოგიურ მასალას იღებენ და გამოსაკვლევად ლუგარის ცენტრში გაგზავნიან. პასუხების მიღებამდე ინფიცირებულის კონტაქტები თვითიზოლაციაში დარჩებიან. თავად ინფიცირებული თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 225-მდე გაიზარდა. ვირუსისგან ქვეყანაში 1 000 პირი განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG