Accessibility links

ბელარუსში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები, მრავალმა ამომრჩეველმა ვერ მოასწრო ხმის მიცემა


ბელარუსში დასრულდა საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის პროცესი. ადგილობრივი დროით 20 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე) დაიხურა საარჩევნო უბნები.

კენჭისყრამ ჩაიარა მინსკში დიდი რაოდენობით სამხედროთა ყოფნის და საინტერნეტო კავშირის დაბლოკვის ფონზე, რაც დამატებით შეშფოთებას და ეჭვებს აჩენს კენჭისყრის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.

საარჩევნო კამპანიის პერიოდი აღინიშნებოდა ოპოზიციის ათასზე მეტი მომხრის დაპატიმრებით, არჩევნების დამკვირვებელთა მუშაობის შეზღუდვით და განცხადებებით დესტაბილიზაციის მიზნით შეთქმულებაზე.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იტყობინებიან, საარჩევნო უბნებზე გრძელი რიგები იდგა როგორ მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში, ისე უცხოეთში ბელარუსის წარმომადგენლობებთან.

ბევრმა ადამიანმა ვერ მოასწრო ხმის მიცემა საარჩევნო უბნების დახურვამდე, რამაც ამომრჩეველთა უკმაყოფილება გამოიწვია.

„გვინდა მივცეთ ხმა!“, „ლუკაშენკა, წადი!“ - სკანდირებდნენ ისინი.

დიდი რაოდენობით ხალხს ეკეთა თეთრი სამაჯურები იმის ნიშნად, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელმაც საკუთარ მომხრეებს სთხოვა, გაეკეთებინათ სამაჯურები, როგორც „პატიოსნებისა და სიწმინდის“ სიმბოლო.

კვირას მინსკში შემავალ გზებს სამხედროები აკონტროლებდნენ. ქალაქში შეინიშნებოდა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ჯარისკაცი და უშიშროების ძალების წარმომადგენელი.

დღეს კენჭისყრაში ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს, რომ ბელარუსი „ქაოსსა“ და „სამოქალაქო ომში“ გაეხვეს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მისი თქმით, უშიშროების ძალები არჩევნების შედეგების გამო შესაძლო გამოსვლების „სხვადასხვა ვარიანტს“ განიხილავენ.

პირველი ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ლაბორატორიამ ჩაატარა, ლუკაშენკამ მიიღო ხმების თითქმის 80%, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი - 6,8%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG