Accessibility links

ბელარუსის „ომონი“ არ აძლევს ადამიანებს უფლებას შეიკრიბონ საპროტესტო აქციაზე


წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, დემონსტრანტები დღეს საღამოსაც აპირებენ მინსკსა და ბელარუსის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში შეკრებას არჩევნების გაყალბებისა და უსამართლობის წინააღმდეგ.

მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები არ აძლევენ ადამიანებს შეკრების საშუალებას და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ მათ.

იუწყებიან, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს და ძალით ჩასვეს მილიციის მანქანებში ე.წ. „ავტოზაკებში“.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო გუშინ და დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ მაყურებელს პირდაპირ ეთერში აწვდის ინფორმაციებს რადიო თავისუფლებისა და "ამერიკის ხმის" რუსულენოვანი არხი, "ნასტოიაშჩეე ვრემია".

ბელარუსის ხელისუფლებას მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში მობილიზებული ჰყავს დიდი რაოდენობით სამართალდამცველი, ისინი აკონტროლებენ მეტროს სადგურებს და ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ ქუჩებს.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ დაწყებული ძალადობისა და დაპირისპირების შედეგად, მილიციამ და საგანგებო ქვედანაყოფებმა დააპატიმრეს 3000-მდე მოქალაქე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალადობის შედეგად ორივე მხარეს არიან დაშავებულები. ლუკაშენკას თქმით, ტრავმები მიიღეს 50 მოქალაქემ და დაახლოებით 30-მა სამართალდამცველმა.

ნატო და ევროკავშირი გმობენ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ ძალადობას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს დაკავებულები.

ნატოელი მოკავშირეები „სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო და გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG