Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში საკარანტინო სივრცისთვის 18 სასტუმრო უკვე შეარჩიეს


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სვანეთში COVID - 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკარანტინო ზონების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება მოახდინა. მისი ინფორმაცით, უკვე მზად არის 18 სასტუმრო, 327 ოთახით.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, სასტუმროს მეპატრონეების თანხმობით, საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა. ინფორმაციაში, რომელიც ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას მიაწოდა, ნათქვამია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სხვა სასტუმროებთან მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლებიც ჯანდაცვის სტანდარტების დაკმაყოფილებისა და მეპატრონეთა თანხმობის შემთხვევაში, ასევე შეიძლება საკარანტინო სივრცეების პროგრამაში ჩაერთონ.

მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინო სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორებს, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ ტურისტებს, რომლებსაც მესტიიც დატოვება სურთ, 2-კვირიანი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ.

„უკვე შექმნილია ცხელი ხაზი - 144, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, მათ შორის, როგორ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში. ასევე გრძელდება მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ვიზიტორებსა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან", - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ბოლო 24 საათში მესტიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში სულ კორონავირუსის 25 შემთხვევა დადასტურდა.

მაისის ბოლოდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1250-მდე გაიზარდა. სულ გამოჯანმრთელებულია 1010 მოქალაქე. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG