Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესორთა ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილს


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები გამოეხმაურნენ ამავე მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის ავტოპლაგიატში დადანაშაულებას და ამ ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ იაგო კაჭკაჭიშვილის წიგნი არ წარმოადგენს ავტოპლაგიატს.

„პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი 1990-იანი წლებიდან ასწავლის სოციოლოგიის მიმართულებაზე და აქტიურად არის ჩართული სასწავლო და კვლევით საქმიანობაში. ის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია, რომელიც სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის სავალდებულო საკითხავ ტექსტებს წარმოადგენს; მათ შორისაა „სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც მის სადისერტაციო ნაშრომს [„სოციალური მოქმედების თეორიები”] ეფუძნება. მოგეხსენებათ, რომ სადისერტაციო ნაშრომები, ტრადიციულად, ხელნაწერის უფლებით სარგებლობდა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოდიოდა პუბლიკაციის სახით. ამასთან, სანამ საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილი გახდებოდა (2005 წელს) და უმაღლესი განათლების ევროპეიზაციის პროცესში ჩაერთვებოდა, ჩვენს აკადემიურ სივრცეში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები ავტოპლაგიატთან დაკავშირებით. შესაბამისად, ის, რომ წიგნში არ არის მითითებული ერთი წინადადება, რომ ის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, ტექნიკური დეტალია და ნამდვილად ვერ კლასიფიცირდება ავტოპლაგიატად, მით უმეტეს, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის (2001 წელი) გათვალისწინებით. ამასთან, რადგან ნაშრომი თეორიული სოციოლოგიის ფარგლებშია შექმნილი და სოციალური მოქმედების თეორიებს განიხილავს, ცხადია, რომ ის ცნობილი სოციოლოგების ნაშრომებს აანალიზებს და ამიტომ გაუგებარია მისი დადანაშაულება კომპილაციის ელემენტების არსებობაში. კომისიის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტი რომ ყოფილიყო, ეს მაშინვე გაცხადებული იქნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში. მისი ხელმომწერები უსაფუძვლოდ და არაობიექტურად მიიჩნევენ იაგო კაჭკაჭიშვილის დადანაშაულებას ავტოპლაგიატის ჩადენაში.

სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები:

ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი

ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი

ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი

ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი

კახა ქეცბაია, ასოცირებული პროფესორი

თენგიზ ვერულავა, ასოცირებული პროფესორი

თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი

სალომე ნამიჭეიშვილი, ასისტენტ-პროფესორი

შორენა თურქიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი

ასევე წაიკითხეთ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, იაგო კაჭკაჭიშვილს თსუ ეთიკის კომისიამ „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა. კაჭკაჭიშვილი - რომელიც წლებია თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს - რექტორს, გია შარვაშიძეს შურისძიებაში ადანაშაულებს. დარღვევის დადგენამდე, მან უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატის გამო გააკრიტიკა.

პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG