Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თსუ-ის ეთიკის კომისია იაგო კაჭკაჭიშვილის შესახებ განცხადებას აქვეყნებს


თსუ-ის პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის სადოქტორო დისერტაციის შესახებ მომზადებული დასკვნის შესახებ უნივერსიტეტის ეთიკის კომისია განცხადებას აქვეყნებს.

კომისიის წევრები (ზვიად აბაშიძე, სალომე დუნდუა, ეკატერინე ფირცხალავა, ლილი ხეჩუაშვილი და ქეთევან ხუციშვილი) განმარტავენ, რა იყო ბოლო დღეების განმავლობაში მათი დუმილის მიზეზი. „აქამდე ჩვენი დუმილი უპასუხობასა და პოზიციის არქონას არ ნიშნავს. ეს უფრო თავშეკავება იყო, რათა ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებთან უხერხულ დისკუსიაში არ შევსულიყავით, მაგრამ, როგორც იტყვიან მეტის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ეთიკის კომისიის წევრები საზოგადოებას თსუ-ის რეგულაციებს ახსენებენ: „უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი (კორპორაციული ეთიკის მიხედვით, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, არ გაქვთ უფლება, უარი თქვათ წევრობაზე).

კომისიას მოეთხოვებოდა შემოსული განცხადების საფუძველზე პასუხი გაეცა მხოლოდ ორ კითხვაზე:

1. იყო თუ არა ე. წ. „თვითპლაგიატის“ ფაქტი?

2. იყო თუ არა დისერტაცია/სახელმძღვანელო კომპილაცია?“

ეთიკის კომისიის წევრები თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის იაგო კაჭკაჭიშვილის სადოქტორო ნაშრომის (რომელიც მან 2001 წელს დაიცვა) თემაზე გაწეულ სამუშაოს ორ საკითხად ყოფენ.

საკითხი 1

. . „თვითპლაგიატი“.

შემოსულ განცხადებაში ერთი მხარე ადანაშაულებდა მეორეს, რომ დისერტაცია და გამოცემული სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია ისე, რომ არ არის მათში მინიშნება ამ საკითხზე და რომ ეს არის აკადემიური გადაცდომა. ბ-ნ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ეს მართლაც ასეა, რომ წიგნი დისერტაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს და დისერტაცია და სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია, მცირეოდენი განსხვავებით.

აქედან გამომდინარე, კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლო ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოსჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ე. წ. „თვითპლაგიატის“ თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

ბ-ნი იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია! დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განვითარებას. ამას ვერსად ვნახავთ!

ნაშრომების შინაარსობრივ ნაწილის განხილვაში არც შევსულვართ, ჩვენ არ ვართ სოციოლოგები და არ იყო ეს ჩვენი მიზანი. ამას, წესით, დარგობრივი კომისია აკეთებს საჭიროების შემთხვევაში“.

ეთიკის კომისია დასკვნის მეორე ნაწილსაც განმარტავს:

საკითხი 2

იყო თუ არა ნაშრომი კომპილაცია?

დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცავს კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მით უმეტეს სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია.

კომისიამ პასუხი გასცა ამ ორ კითხვას. კომისია არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. მან შექმნა შუალედური დოკუმენტი, (რომლიც, რატომღაც, გაუგებარი გზებით, ჩუმად მოხვდა მედიაში მანამ, ვიდრე ის აკადემიური საბჭოს განხილვაზე გავიდოდა).

ყველაზე მთავარი, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას არის ის, რომ კომისია დასკვნის საბოლოო ნაწილში მიმართავს აკადემიურ საბჭოს, რომ 20 წლის წინანდელი ნაშრომის შესახებ მსჯელობების პრეცედენტს ნუ დაუშვებს. აი, სწორედ ეს გახლავთ ეთიკის კომისიის დასკვნის მთავარი პათოსი!

სამწუხაროდ, დასკვნის ეს უმნიშვნელოვანესი მხარე საჯარო განხილვებიდან უსამართლოდ სადღაც გაქრა!

დაბოლოს, ვიტყვით იმას, რომ ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ის კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის. ამის დასტური კი სწორედ დასკვნის ეს ბოლო ნაწილია.

აქედან გამომდინარე, ვთხოვთ, დაინტერესებულ საზოგადოებას, გაიაზროს, თუ რა დოკუმენტია სინამდვილეში შექმნილი და რომ ამ თითქოსდა მოკლე დოკუმენტის შექმნას, კომისიამ 4 თვე მოანდომა, რომელიც ერთ თვეში იყო შესაძლებელი დამთავრებულიყო. ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ იგი არ ყოფილიყო ავი ზრახვებისთვის გამოყენებული და მისით არავის ესარგებლა!

ვინც ჩვენ პიროვნულად გვიცნობს, მან კარგად იცის, რომ ჩვენგან ვერც ჯალათი და ვერც უსამართლობის ქომაგი ვერ და არ გამოვა ვერასდროს. საკუთარი განვლილი ცხოვრების ისტორია ამის თქმის სრულ მორალურ უფლებას გვაძლევს.

ზოგადად, საუნივერსიტეტო საქმე უნივერსიტეტის კედლებში უნდა წყდებოდეს. სოციალური მედია არ გახლავთ ამისათვის მართებული არეალი. სწორედ ეს განაპირობებდა ჩვენს თავშეკავებას, რადგან არაეთიკურად მივიჩნიეთ საკითხის ამგვარი საჯარო განხილვა.

ყველას მადლობას ვუხდით, ვინც მოახერხა თავშეკავება ჩვენი ლანძღვა-გინებისგან სწორედ ჩვენი და უპირველესად, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გამო. მათაც მადლობა ვინც პატივს გვცემდა, მაგრამ გარკვეულმა ეიფორიამ აიყოლია და ზოგჯერ უკადრებელიც ათქმევინა. დარწმუნებულები ვართ, მათ ეს ცხელ გულზე გააკეთეს, რისი მიზეზიც საქმეში მათი ბოლომდე ჩაუხედაობა იყო, თუმცა სურვილის შემთხვევაში წინ არაფერი ეღობებოდათ!“, - ნათქვამია ეთიკის კომისიის განცხადებაში.

კომისიის განცხადების გამოქვეყნებამდე იაგო კაჭკაჭიშვილმა რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და მის განსაზღვრებაზე სამეცნიერო წრეებში ჯერ კიდევ კამათობენ.

იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ნაწილია მის წინააღმდეგ უნივერსიტეტის რექტორის, გია შარვაშიძის შურისძიების სერიისა.

პროფესორი ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო „თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ შარვაშიძემ საკუთარ დისერტაციაში სიტყვასიტყვით გადაიტანა ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი - 40 გვერდი ისე, რომ წყარო არ მიუთითა.

ეთიკის კომისიის განცხადებას კი იაგო კაჭკაშიშვილი ასე გამოეხმაურა: საქმე გვაქვს წინააღმდეგობრივ დებულებებთან, რასაც შეუძლებელია ბ-ნი ზვიადი (და კომისიის ის წევრები, რომლებიც „დათაგული“ ჰყავს) ვერ ამჩნევდნენ. უფრო კონკრეტულად:

1. ბ-ნი ზვიადი თავად წერს: „„თვითპლაგიატის“ თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება“. ანუ, მოკლედ რომ ითქვას, თვითპლაგიატის თემა ქართულ აკადემიურ სივრცეში (შეიძლება, საერთოდაც) ქიმერაა, საპნის ბუშტია.

2. კვლავ ზვიად აბაშიძის სიტყვებია: „დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცვას კომპილაციის ნიშნებს... როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მით უმეტეს სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია“. ანუ, თვითკომპილაციის ბიშნები არათუ ჩვეულებრივი რამ, არამედ აუცილებელი კომპონენტი ყოფილა ნებისმიერი თეორიული ნაშრომის".

პროფესორი ეთიკის კომისიის დასკვნას ფაქტობრივად განაჩენს უწოდებს: „და თუ ეს ასეა, ანუ თუ ორივე „ბრალდება“ უშინაარსოა, მაშინ როგორღა კეთდება დასკვნა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი? ეს ხომ მეცნიერის ძალზე უარყოფითი დახასიათებაა? ფაქტიურად, განაჩენია?

ფაქტია, თქვენ ხელი მოაწერეთ ბრალდებას, რომელსაც (როგორც თავადვე აღიარებთ) არანაირი ლეგალური და ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის მიმინდვია, შეაფასოს ზვიად აბაშიძის სტატუსის დასკვნითი პათოსი: „ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის.“

ჩემთვის ყველაფერი გასაგებია!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG