Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი


არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ბელარუსის ხელისუფლებამ სპეცრაზმები დაუპირისპირა
არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ბელარუსის ხელისუფლებამ სპეცრაზმები დაუპირისპირა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. პომპეოს თქმით, საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენა არჩევნებზე კანდიდატების დაშვების შეზღუდვამ, დაშინებამ, ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ყოფნის აკრძალვამ და მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების დაკავებამ.

სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობის საფუძველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. აშშ ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები.

მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ გმობს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას, ოპოზიციის მომხრეთა დაკავებას და ინტერნეტის გათიშვას, რათა ბელარუსებს შეუზღუდონ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.

პომპეოს სიტყვებით, აშშ, როგორც ბელარუსის მეგობარი, მხარს უჭერს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ხალხის სწრაფვას დემოკრატიული მომავლისკენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ბელარუსის მთავრობამ საქმით უნდა დაამტკიცოს დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი ერთგულება.

ბელარუსში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, გამარჯვებულად გამოცხადდა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

სპეცრაზმელები აქციების დასაშლელად იყენებდნენ რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს, წყლის ჭავლს და სხვა სპეცსაშუალებებს. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ბელარუსის შსს-ს ინფორმაციით, 33 ქალაქში 3 ათასამდე პირი დააკავეს. საპროტესტო გამოსვლები და სპეცრაზმელებთან დაპირისპირება გაგრძელდა 10 აგვისტოსაც. მინსკში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, 9 აგვისტოს არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების 80%-ით, მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო. არჩევნების ოფიციალურ შედეგს არ აღიარებენ ციხანოუსკაია და მისი მომხრეები. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე აცხადებენ, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG