Accessibility links

სასამართლომ ახალქალაქში 27 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ახალქალაქში 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ონლაინრეჟიმში, დისტანციურად გაიმართა.

პატიმრობას დაეთანხმა დაკავებულიც და ადვოკატიც. მათ მიაჩნიათ, რომ მისი გარეთ ყოფნით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. მისი თქმით, დაკავებული მკვლელობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. შემდეგი პროცესი 30 სექტემბერს გაიმართება.

ახალქალაქში დაპირისპირების დროს 27 წლის კაცი 8 აგვისტოს მოკლეს. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს კაცი, რომელსაც შესაბამისი მუხლით ბრალი წაუყენეს. მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ოჯახმა იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვა, ვინც მკვლელად მოიაზრეს. ეს ვერსია სამხარეო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მედიასთან გააჟღერა.

გარდა ამისა, ქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი და რამდენიმე მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა. ეს ორივე მუხლი ერთ დაკავებულს აქვს წაყენებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG