Accessibility links

სვიატლანა ციხანოუსკაია მოსახლეობას მოუწოდებს, შეწყვიტონ გამოსვლები


11 აგვისტოს გავრცელდა ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი მოუწოდებს მომხრეებს, რომ შეწყვიტონ გამოსვლები და არ დაუპირისპირდნენ მილიციას.

„ძვირფასო ბელარუსელო მოქალაქეებო, მე, სვიატლანა ციხანოუსკაია, მადლობას გიხდით სახელმწიფო მეთაურის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბელარუსმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. მადლიერებითა და სითბოთი მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, რომელიც მხარს მიჭერდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონების პატივისცემისკენ. მე არ მსურს სისხლი და ძალადობა. მე გთხოვთ თქვენ, არ დაუპირისპირდეთ მილიციას. არ გამოხვიდეთ მოედნებზე, რათა არ ჩაიგდოთ საფრთხეში თქვენი სიცოცხლე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს“.

ციხანოუსკაიას ეს მიმართვა პირველად გამოაქვეყნა პროსახელისუფლებო ბელარუსულმა ტელეგრამ-არხმა, „ჟიოლტიე სლივიმ“.

თუ როდის არის ეს ვიდეომიმართვა გაკეთებული - ციხანოუსკაიას ბელარუსში ყოფნის დროს თუ ლიეტუვაში ჩასვლის შემდეგ - უცნობია.

პრეზიდენტობის კანდიდატთან დაახლოებულმა წყარომ „მედიაზონას“ აცნობა, რომ ჩანაწერი წინადღით მინსკშია გაკეთებული, მისი თქმით, ზეწოლის ქვეშ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება, დღეს, 11 გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა.

10 აგვისტოს საღამოს, მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრით მისვლის შემდეგ გაუჩინარდა. ციხანოუსკაია სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. წუხელ პრეზიდენტობის კანდიდატი თავის შტაბს დაუკავშირდა, თუმცა, მის ადგილსამყოფელს არ ასახელებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG