Accessibility links

გეჯაძე შაქარაშვილის საქმეზე: პირველი ექსპერტიზით გამოვთიშეთ სიმაღლიდან ვარდნა, ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა და სხვა


დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმის პირველი, შუალედური ექსპერტიზით გამოძიებას მიეცა შანსი, უფრო ვიწრო მიმართულებით, მიზანმიმართულად ემუშავა იმ ვერსიებზე, რა ვითარებაში იყო შესაძლებელი გიორგი შაქარაშვილის ამა თუ იმ დაზიანების მიღება. ექსპერტის თქმით, ექსპერტიზამ გამოძიებას შეუმსუბუქა ამა თუ იმ ვერსიაზე მუშაობის რესურსი და მიზნობრიობა:

„კერძოდ, გამოვთიშეთ სიმაღლიდან ვარდნა, ამ მიმართულებით გამოძიება არ იმუშავებს; გამოვრიცხეთ ბილიკზე დაგორების შესაძლებლობა, ამ მიმართულებით გამოძიება, ბუნებრივია, აღარ იმუშავებს; მივუსადაგეთ ეს დაზიანებები თავისი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე ხელკეტით ზემოქმედების შედეგს, წელის არეში მარჯვნივ; გამოვრიცხეთ ზოგიერთი დაზიანების განვითარების შესაძლებლობა მუშტით, დაცემით და ასე შემდეგ“, - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისი თქმით, კითხვები ბევრია, პასუხები მეტ დეტალიზებას მოითხოვს და ყველაფერი შესაბამისად აისახება საექსპერტო დასკვნებში.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირისთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაცია გაავრცელა. ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელითაც გამოძიებამ იხელმძღვანელა, ექსპერტიზის დასკვნაა.

ამ ეტაპზე ექსპერტთა ჯგუფმა 14 კითხვიდან მხოლოდ 8-ს უპასუხა. შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნით საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ შუალედური საექსპერტო დასკვნა გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე მომზადდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით შეატყობინა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკეა გამოყოფილი, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პროცესების დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს, დანარჩენი 11 პირის ბრალეულობას კი სასამართლო ცალკე პროცესზე განიხილავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG