Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში პროტესტის მესამე ღამეს მილიცია კვლავ გაუსწორდა მომიტინგეებს და ჟურნალისტებს


ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ზედიზედ მესამე ღამეს ხდება შეტაკება დემონსტრანტებსა და მილიციის რაზმებს შორის.

სამრთალდამცველებმა სამშაბათ საღამოს კვლავ გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.

უფლებათდამცველების ინფორმაციით, შავფორმიანმა სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.

11 აგვისტოს მილიცია მინსკში თავს დაესხა „ბი-ბი-სის“ გადამღებ სამკაციან ჯგუფს. რადიოსადგურის რუსული სამსახურის ცნობით, ყველა დაკავებულს ჰქონდა აკრედიტაცია, გაცემული ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ჟურნალისტებს ეცვათ ამოსაცნობ სიმბოლოიანი ყვითელი ჟილეტები და ჰქონდათ პირადობის მოწმობები.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წინა დღისგან განსხვავებით სამშაბათს გამართული საპროტესტო აქციები არ იყო ხალხმრავალი, ადამიანები მცირე ჯგუფებად გადაადგილდებოდნენ და მათ კვალდაკვალ არბევდნენ მილიციის სპეცრაზმის, „ომონის“ წევრები.

„უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, 10-11 აგვისტოს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ, მილიციამ დააკავა დაახლოებით 6 ათასი აქტივისტი. რამდენიმე ათეული დაშავდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.

ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ 10 აგვისტოს დატოვა ბელარუსი და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

ციხანოუსკაიას გუნდის წევრის, მარია კოლესნიკოვას თქმით, ხელისუფლებამ აიძულა სვიატლანა გაეკეთებინა ვიდეომიმართვა ბელარუსი მოქალაქეებისადმი და დაეტოვებინა სამშობლო.

"ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონების პატივისცემისკენ. მე არ მსურს სისხლი და ძალადობა. მე გთხოვთ თქვენ, არ დაუპირისპირდეთ მილიციას. არ გამოხვიდეთ მოედნებზე, რათა არ ჩაიგდოთ საფრთხეში თქვენი სიცოცხლე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს“, - აცხადებს სადავოდ ქცეულ ვიდეომიმართვაში სვიატლანა ციხანოუსკაია.

სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბის წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი ლიდერის მიერ ქვეყნის დატოვებისა, ისინი აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას ფალსიფიცირებული არჩევნების წინააღმდეგ და მოითხოვენ ხმების ხელახალ გადათვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG