Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა ზეწოლის შედეგად არის გაკეთებული


მარია კოლესნიკოვა
მარია კოლესნიკოვა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი, მარია კოლესნიკოვა, ვარაუდობს, რომ ციხანოუსკაიას ვიდეომიმართვა, რომელშიც იგი თავის მომხრეებს მოუწოდებს აღარ გამოვიდნენ ქუჩებში, ჩაწერილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა ზეწოლის ქვეშ.

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 10 აგვისტოს დატოვა ბელარუსი და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატი, თავის ადვოკატთან ერთად, იმყოფებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანის მიზნით.

მარია კოლესნიკოვას თქმით, სწორედ კომისიის თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას, კაბინეტში დახვდა ციხანოუსკაიას ძალოვანი სტრუქტურების ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც იგი აიძულეს, გაეკეთებინა შესაბამისი ვიდეომიმართვა ბელარუსი მოქალაქეებისადმი.

„ბელარუსებო, მოგიწოდებთ კეთილგონიერებისა და კანონების პატივისცემისკენ. მე არ მსურს სისხლი და ძალადობა. მე გთხოვთ თქვენ, არ დაუპირისპირდეთ მილიციას. არ გამოხვიდეთ მოედნებზე, რათა არ ჩაიგდოთ საფრთხეში თქვენი სიცოცხლე. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს“, - აცხადებს სადავოდ ქცეულ ვიდეომიმართვაში სვიატლანა ციხანოუსკაია.

მარია კოლესნიკოვა აცხადებს, რომ არ კიცხავს ციხანოუსკაიას ქვეყნის დატოვებისთვის.

„მე მესმის სვიატლანას არჩევანი. მესმის, თუ როგორი რთული იყო ეს მისთვის. სვიატლანა, შენ გმირი ხარ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე კოლესნიკოვამ.

მარია კოლესნიკოვა თავდაპირველად ვიქტარ ბაბარიკას საარჩევნო კამპანიის წევრი იყო, რომელიც კანდიდატურის წამოყენების შემდეგ დააპატიმრეს. შემდეგ მან მხარდაჭერა სვიატლანა ციხანოუსკაიას გამოუცხადა.

მარია კოლესნიკოვას ვერსიაზე ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლე ამჟამად საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. მათი შვილები კი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე საზღვარგარეთ არიან.

სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბის წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი ლიდერის მიერ ქვეყნის დატოვებისა, ისინი აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას ფალსიფიცირებული არჩევნების წინააღმდეგ.

უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, 10-11 აგვისტოს მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში მომხდარი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ, მილიციამ დააკავა დაახლოებით 6 ათასი აქტივისტი. რამდენიმე ათეული დაშავდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ერთი დემონსტრანტი.

ევროკავშირმა, ნატომ და აშშ-მა მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს რეპრესიები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.

XS
SM
MD
LG