Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას აფრთხილებს


მინსკში დაკავებული დემონსტრანტები
მინსკში დაკავებული დემონსტრანტები

ევროკავშირი ზომების მიღებით დაემუქრა ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაზე.

ევროკავშირის სახელით განცხადება გაავრცელა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელმა.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ბელარუსმა ხალხმა აჩვენა სწრაფვა დემოკრატიული ცვლილებებისკენ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა არც სამართლიანი და არც თავისუფალი.

ევროკავშირის განცხადებით, ბელარუსის ხელისუფლებამ არაპროპორციული და მიუღებელი ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაშავდა და ათასობით დააკავეს. უმაღლესი წარმომადგენელი ხაზს უსვამს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების და მედიის წინააღმდეგ რეპრესიებსაც.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2015 წელს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ, ბელარუსის და ევროკავშირის ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის საკითხებში პროგრესის გარეშე ევროკავშირის და ბელარუსის ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება.

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფალთა ქმედებებს ყურადღებით დააკვირდება და შეაფასებს, რამაც შესაძლოა, მოიცვას ზომების მიღება ძალადობაზე, დაუსაბუთებელ დაკავებებსა და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

ევროკავშირი ბელარუსის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დაიწყოს რეალური და ინკლუზიური დიალოგი ფართო საზოგადოებასთან, რათა თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ძალადობა. ევროკავშირი აცხადებს, რომ დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და სტაბილური ბელარუსის მხარდაჭერას გააგრძელებს.

თავის მხრივ, ბელარუსის მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნები არ ცდილობენ ობიექტურად გაარკვიონ და შეაფასონ ბელარუსში შექმნილი სიტუაცია. 11 აგვისტოს, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არიან წარმოადგინონ უტყუარი ფაქტები და ფარდა ახადონ ამჟამინდელი მოვლენების ნამდვილ მიზეზებს, მათ შორის, უცხოეთიდან ჩარევას.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი დაახლოებით 10% მიიღო.

ციხანოუსკაიამ და მისმა მომხრეებმა არჩევნების ოფიციალური შედეგები არ აღიარეს. ოპოზიციის შტაბში ხმების ალტერნატიული დათვლის საფუძველზე განაცხადეს, რომ რეალურად სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა სულ მცირე 70%-ით.

9 აგვისტოდან ბელარუსში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. 9, 10 და 11 აგვისტოს ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა და სპეცსაშუალებები გამოიყენა და რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავა. აქციების დარბევისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG