Accessibility links

ბერლინი და მოსკოვი ადასტურებენ საერთო ინტერსების არსებობას, რიგ საკითხებში უთანხმოების მიუხედავად


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა და მისმა რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა ისევ დაადასტურეს, რომ ორ ქვეყანას კვლავ ამოძრავებს ეკონომიკური ხასიათის საერთო ინტერსები, მიუხედავად მათ შორის არსებული მთელი რიგი უთანხმოებისა.

11 აგვისტოს მოსკოვში გამართული გერმანია-რუსეთის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, რომელსაც ეწინააღმდეგებიან აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო.

აშშ აცხადებს, რომ ეს პროექტი მუქარას წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ვინაიდან გერმანიას ზედმეტად დამოუკიდებულს გახდის რუსეთის გაზზე.

აშშ-მა უკვე შემოიღო სანქციები კომპანიების მიმართ, რომლებიც პროექტზე მუშაობენ. სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე, ჰაიკო მაასმა ხაზი გაუსვა გერმანია-აშშ-ის მტკიცე ურთიერთობების მნიშვნელობას, თუმცა გაზსადენის საკითხში „არაკორექტული“ უწოდა ვაშინგტონის მიდგომას.

„არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, უკარნახოს ევროპას ენერგეტიკული პოლიტიკა და არც მუქარა არ მოიტანს შედეგს“, - განაცხადა მაასმა.

მანამდე, 9 აგვისტოს, ჰაიკო მაასმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და „შეშფოთება“ გამოთქვა სანქციებით მუქარაზე გერმანელი საპორტო ოპერატორის მიმართ, რომელიც პროექტში მონაწილეობს. პორტი საკვანძო მნიშვნელობის შუალედური პუნქტია გემებისთვის, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ.

მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, მაასმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა და გერმანიამ უნდა გამონახონ შესაძლებლობა, რათა ერთობლივად იმსჯელონ ორივე მხარისათვის საყურადღებო პრობლემებზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის მაგალითად დაააახელა ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის შარშანდელი მკვლელობა ბერლინში.

პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

გერმანია ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის კვალს ხედავს.

გერმანიის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებმა 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთს სულ მცირე 12-ჯერ მიმართეს და ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიიღეს გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაცია.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბრკოლებებს წააწყდეს, მაგრამ გერმანია ყოველგვარი კომპრომისების გარეშე დაიცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

რუსეთი უარყოფს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს და „აბსურდულს“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG